ირაკლი კობახიძე - უნდა დადგინდეს ფარული ჩანაწერის გავრცელების წყარო, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესშია, საქმე ბოლომდე გაიხსნას
ირაკლი კობახიძე - უნდა დადგინდეს ფარული ჩანაწერის გავრცელების წყარო, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესშია, საქმე ბოლომდე გაიხსნას

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა დადგინდეს ფარული ჩანაწერის გავრცელების წყარო.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ინტერესშია, აღნიშნული საქმე ბოლომდე გაიხსნას.

„მთავარია, ვინ იყო პირველი წყარო, საიდანაც გავრცელდა ეს ინფორმაცია. სწორედ ეს უნდა გამოვლინდეს. გამავრცელებლების კუთხით არის პროგრესი. რაც შეეხება ფარული ჩანაწერის გავრცელების წყაროს, ეს არის ზუსტად მთავარი დასადგენი. პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესშია, ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას აღნიშნულთან დაკავშირებით მუდმივი კომუნიკაცია აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან.

„მე მაქვს ყოველდღიური კავშირი სამართალდამცავ ორგანოებთან. რაც შეეხება პირველ დღეებს, იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მუშაობა, დადგენილიყო თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ერთი დეპუტატის განცხადება. აღნიშნულთან დაკავშირებითაც არის კითხვის ნიშნები და შესაბამისად, ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. ყოველდღიური კავშირი მქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის მინისტრებთან. აქედან გამომდინარე, ჩემი ჩართულობა არის ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფილი, რათა საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომ ვიდეოში სავარაუდოდ ჩანს ტელეფონი „აიფონ 5“, რაც მიუთითებს, რომ ჩანაწერი შეიძლება, გაკეთებული იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ირაკლი კობახიძე ამ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს.

„ეს არის მარტივი სპეკულაცია. იქ ტელეფონების გარჩევა სრულიად შეუძლებელია. 5 ჩანს, მაგრამ Iphone 5 არ ვიცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.