ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება
ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 17-19 იანვარს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას ირაკლი კობახიძე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, ანდრიი პარუბისთან გამართავს.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტისა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, პრემიერ-მინისტრ ვოლოდომირ გროისმანს და საგარეო საქმეთა მინისტრ პავლო კლიმკინს შეხვდება.

ირაკლი კობახიძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, კიევში, ზეციური ასეულის გმირების მემორიალსა და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს და უკრაინაში გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები კიევო-პეჩერის ეროვნულ ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალს ეწვევიან და უკრაინის ისტორიულ ფასეულობათა მუზეუმს დაათვალიერებენ.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები სერგი კაპანაძე, სოფიო ქაცარავა, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, გიორგი მოსიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.