ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ვიდრე რამეზე ისაუბრებენ, წარსული ცოდვები მოინანიონ და დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ
ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ვიდრე რამეზე ისაუბრებენ, წარსული ცოდვები მოინანიონ და დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ვიდრე რამეზე ისაუბრებენ, საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და შემდეგ გადავიდნენ სხვა რაღაცებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით განცხადებას შეგნებულად არ გააკეთებს, თუმცა ისაუბრებს უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

„მინდა, შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელსუფლება, ჩვენი ისტორიული მეგობრობის მიუხედავად, რაც არის უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის, სამწუხაროდ, ამის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება წლების მანძლზე ინახავდა კრიმინალ სააკაშვილს თავის ქვეყანაში და დღემდე ისინი ინახავენ ათამდე გამოჩენილ კრიმინალს. მათ შორის არიან წამებასა და მსგავსი ტიპის დანაშაულებში მხილებული პირები. ამ დამნაშავეებს დღემდე ინახავენ უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეფარდებული აქვთ საქართველოში სასჯელი შესაბამისი დანაშაულებისთვის. უფრო მეტიც, ამ კრიმინალების ნაწილი ძალიან მაღალ თანამდებობებზეა უკრაინის ხელისუფლებაში და მათ გამოგვიგზავნეს ჩვენ მიხეილ სააკშვილი საქართველოში, რაც აღიარეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმაც. ისინი პირდაპირ საუბრობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩართულობაზე იმ სპეცოპერაციაში, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი გამოგზავნილ იქნა საქართველოში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიდრე რამეზე ისაუბრებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მანამდე საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და შემდეგ გადავიდნენ სხვა რაღაცებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.