ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაც
უკრაინის ხელისუფლება რასაც ითხოვდა, ეს არის ხელისგულზე, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებისგან პირდაპირ ღია განცხადებები ისმოდა, რომ საქართველოს უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი.
„ყველას გვახსოვს, პირდაპირ გამოდიოდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და პირდაპირ ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას. ესენი იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მაგალითად, ეს იყო უშიშროების სამჭოს მდივანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, ესენი იყვნენ დეპუტატები და ასე შემდეგ. ისინი პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას. როდესაც ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი, გახსოვთ, რა მოაყოლეს ამ ყველაფერს. ასევე მინდა, შეგახსენოთ, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი იმ საბაბით, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ გავგზავნეთ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები. უკრაინის ხელისუფლება რასაც ითხოვდა, ეს არის ხელისგულზე, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, აქ ყველაფერი დევს ხელისგულზე, პირდაპირ ღია განცხადებები გვესმოდა უკრაინის ხელისუფლებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის ომში ჩათრევა სურდა. „ისინი თავიდან ცდილობდნენ, ომში ჩაეთრიათ ყველა. ცხადია, ეს მათ ინტერესებში იყო, ყველაზე კარგი იქნებოდა, თუ ისინი შეძლებდნენ ომში ნატო-ს ქვეყნის ჩათრევას. ეს ცხადია, რომ ეძებდნენ მათ, ვინც აქტიურად იბძროლებდა მათ გვერდით რუსეთის წინააღმდეგ. ეს ხდებოდა ომის პირველივე დღიდან“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.