ანჯეი დუდა აცხადებს, რომ ზელენსკის პოლონეთის ომში ჩათრევა სურდა - „ისინი თავიდან ცდილობდნენ, ომში ჩაეთრიათ ყველა“
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ანჯეი დუდას თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის ომში ჩათრევა სურდა. ამის შესახებ დუდამ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს კითხვა დაუსვა 2022 წლის ნოემბერში პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტთან დაკავშირებით, რასაც პოლონეთის ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშინ პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რაკეტა, დიდი ალბათობით, უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემიდან იყო ნასროლი, რუსული რაკეტის მოსაგერიებლად.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაურეკა თუ არა ამ ინციდენტის შემდეგ ზელენსკიმ და სთხოვა თუ არა იმის აღიარება, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსული იყო, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა: „შეიძლება ასე ითქვას“.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, დაინახა თუ არა მცდელობა უკრაინის მხრიდან, პოლონეთი ომში ჩაეთრია, დუდამ უპასუხა, რომ ეს „სწორედ ასე აღიქვა“.
„ისინი თავიდან ცდილობდნენ, ომში ჩაეთრიათ ყველა. ცხადია, ეს მათ ინტერესებში იყო, ყველაზე კარგი იქნებოდა, თუ ისინი შეძლებდნენ ომში ნატო-ს ქვეყნის ჩათრევას. ეს ცხადია, რომ ეძებდნენ მათ, ვინც აქტიურად იბძროლებდა მათ გვერდით რუსეთის წინააღმდეგ. ეს ხდებოდა ომის პირველივე დღიდან“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.