ირაკლი კობახიძე - უკრაინაში ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა აღიქმება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი და იმედი გვაქვს, საქმე აქამდე არ მივა
ირაკლი კობახიძე - უკრაინაში ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა აღიქმება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი და იმედი გვაქვს, საქმე აქამდე არ მივა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული მხარისთვის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე დანიშვნა პრინციპულად მიუღებელია.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია გამოხატა.

მისი თქმით, ამ საკითხზე, უკრაინის ხელისუფლებიდან კოლეგებთან და მეგობრებთან კომუნიკაცია შედგა.

„კარგია, რომ პირველი ინფორმაცია, რომელიც სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით წამოვიდა, არის დადებითი. კერძოდ, იმ განცხადებებს ვგულისხმობთ, რომელიც გააკეთეს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც აცხადებს, რომ ის, სავარაუდოდ, არ დაუჭერს მხარს სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას. ასევე იყო ინფორმაცია, რომ ის ვიცე-პრემიერად უკვე აღარ განიხილება, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა. ეს აღიქმება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი და დიდი იმედი გვაქვს, საქმე აქამდე არ მივა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.