ირაკლი კობახიძე – უკრაინასა და მოლდოვაში პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს, თუმცა ეს აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, ჩანს პოლიტიკური მოტივი
ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითი – 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა უკრაინაში, მოლდოვაში არაერთი პოლიტიკური პარტია აიკრძალა და იქ არავის უთქვამს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რამენაირად შეიძლება უკავშირდებოდეს დემოკრატიის პრინციპს, ვერც იტყოდნენ, პრინციპში, რადგან ეს არის აბსურდი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ვერც იტყოდნენ ამას, ვინაიდან ეს არის აბსურდი და ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი.
„რა აბსურდიც არ თქვეს უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ის აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, საიდანაც ჩანს, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი. რაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, არის ორმაგი სტანდარტები. იგივე ეხება არჩევნებსაც. თქვენ იცით, რომ არაერთ ქვეყანაში ჩვენს გარშემო ძალიან უხეში დარღვევებით ჩატარდა არჩევნები, იგივე მოლდოვაა ამის ძალიან კარგი მაგალითი, თუმცა იქაც არავითარი კომენტარი, რაიმე არსებითი კომენტარი არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით. ყველგან ჩანს ორმაგი სტანდარტები, ჩვენ გვჭირდება სამართლის უზენაესობის დაცვა და ამას ემსახურება ის პროცესები, რომლებიც ჩვენ წამოვიწყეთ“, – აღნიშნა პრემიერმა.