ირაკლი კობახიძე - ომბუდსმენის ჯგუფის წარმომადგენლებმა სააკაშვილთან დაკავშირებით დიაგნოზიც კი ვერ დადეს, რადგან არ არსებობს ნიშან-წყალი, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო
ირაკლი კობახიძე - ომბუდსმენის ჯგუფის წარმომადგენლებმა სააკაშვილთან დაკავშირებით დიაგნოზიც კი ვერ დადეს, რადგან არ არსებობს ნიშან-წყალი, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველამ იცის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილია სათანადო მომსახურება, როგორც სასჯელაღსრულების, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში.

„აქედან გამომდინარე, დაგვიანებული არაფერია. გაგრძელდება სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამასთან ერთად, ბუნებრივია, ჩატარდება ნებისმიერი ექსპერტიზა. დასამალი არაფერი არ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური, გამომდინარე იქიდან, რომ მომსახურებაც არის სათანადო. შესაბამისად, დამატებით დადასტურდება ეს ყველაფერი. თქვენ გახსოვთ, ომბუდსმენის მონაწილეობით შეიქმნა ჯგუფი, დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანეს მათ, რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში არავითარი დიაგნოზი არ არსებობს. ანუ, არავითარი ნიშან-წყალი იმისა, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო, არ არსებობს. ამიტომაც ვერ დადეს დიაგნოზი ვერც ომბუდსმენის ჯგუფის წარმომადგენლებმა. შესაბამისად, არავითარი განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე მიიჩნევს, რომ ექსპერტიზასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება აბსოლუტურად რაციონალურია და ალბათ ამის გაკეთება საჭიროდ ჩაითვალა, რადგან ყველა სპეკულაციას სათანადო პასუხი გაეცეს.

„მე არ ვარ იუსტიციის მინისტრი, ჩემი პრეროგატივა არ არის ამაზე პასუხის გაცემა, ეს არის მისი პრეროგატივა. ალბათ ჩაითვალა საჭიროდ, რომ ყველა სპეკულაციას გაეცეს სათანადო პასუხი. აბსოლუტურად რაციონალურია ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ყველაფრიდან ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხის განხილვის საჭიროება არ არსებობს.

„ამის საჭიროება რომ არსებობდეს, ბუნებრივია, ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა, თუმცა ყველაფრიდან ჩანს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ექსპერტიზა კიდევ იტყვის თავის სათქმელს. ყველაფერი უნდა გადაწყდეს უწყებების მიერ, ეს არ არის პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი საკითხი, ყველაფერი სამართლებრივი წესების მიხედვით უნდა გადაწყდეს და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან მიმართებით, დისკრიმინაცია არის დაუშვებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.