ირაკლი კობახიძე - თვითმმართველობის არჩევნები ჯანსაღი არჩევნებია, ვინმეს თუ უნდა, დელეგიტიმაციის აღქმის შესაქმნელად გამოიყენოს კონკრეტული პოლიტიკოსების არმონაწილეობა, ეს უსუსური მცდელობაა
ირაკლი კობახიძე - თვითმმართველობის არჩევნები ჯანსაღი არჩევნებია, ვინმეს თუ უნდა, დელეგიტიმაციის აღქმის შესაქმნელად გამოიყენოს კონკრეტული პოლიტიკოსების არმონაწილეობა, ეს უსუსური მცდელობაა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის აბსოლუტურად ჯანსაღი არჩევნები, მონაწილეობას მიიღებს არაერთი პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა, დელეგიტიმაციის აღქმის შესაქმნელად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მასში კონკრეტული პოლიტიკოსებისა თუ პარტიების არმონაწილეობა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პოლიტიკური შინაარსის არჩევნებად არ ითვლება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია რა არის – იზრუნო ინფრასტრუქტურაზე, კეთილმოწყობაზე, წყალმომარაგებაზე და ა.შ. არის კონკრეტული ფუნქციები, რომელთა განხორციელებითაც არის დაკავებული ადგილობრივი თვითმმართველობა. ამიტომ თვითმმართველობის არჩევნების გამოყენება თუ უნდა ვინმეს რაღაც დელეგიტიმაციის ფონის შესაქმნელად, ეს აბსოლუტურად უსუსური მცდელობაა, რადგან ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ასეც და ისეც, ეს იქნება აბსოლუტურად ჯანსაღი არჩევნები, არაერთი პოლიტიკური პარტია მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა დელეგიტიმაციის აღქმის შესაქმნელად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მასში კონკრეტული პოლიტიკოსებისა თუ პარტიების არმონაწილეობა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა. რაც შეეხება კონკრეტულად ორ პარტიას, ეს არის „ნაცმოძრაობა“ და „ახალი“, რომელთა წარმომადგენლებიც არიან დღეს საპატიმროში, ისინი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ამიტომ მხოლოდ ორი პოლიტიკოსია, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა და აქვს მიზანი, რომ მათმა პარტიამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის ხაზარაძე-ჯაფარიძე. როცა კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები განაზოგადებენ ამ ჩამონათვალსაც, ეს მარტივი მანიპულაციაა, მხოლოდ ორ პოლიტიკოსზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს არის ხაზარაძე-ჯაფარიძე. მათაც ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, არ აღიარეს არც პარლამენტი, არც საგამოძიებო კომისია, დღესაც არიან იმავე რეჟიმში, არც პრეზიდენტს აღიარებენ. ახლა ეგ როგორ გინდა, თან პირდაპირ, უხეშად კანონმდებლობა დაარღვიო, დანაშაული ჩაიდინო და თან ყველა პრივილეგიით ისარგებლო, ეს აბსოლუტურად არასწორი მოლოდინია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.