ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

თურქეთის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი შეხვედრა თურქ კოლეგასთან, ქვეყნის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ბინალი ილდირიმთან გამართა.

პირისპირ შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე გამახვილდა. დიაკუსია მოგვიანებით გაფართოვებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საუბრისას ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის კულტურული და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას და ამ კუთხით არსებულ პოტენციალს.

დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ თურქეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას და მეგობრობას. პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, ამას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ ჩვენი ურთიერთობის, მეგობრობის ყველა ასპექტზე, დაწყებული პოლიტიკური თანამშრომლობით, გაგრძელებული ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობებით. ჩვენი თანამშრომლობის თითოეული ეს განზომილება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ჩვენი ორი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე. მათ შორის, ჩვენ, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე და თურქ კოლეგას მადლობა გადავუხადეთ იმ თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ მიმართულებით ვგრძნობთ თურქი მეგობრების მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი