ირაკლი კობახიძე - თუ პრეზიდენტს ექნება სურვილი, დადებითი წვლილი შეიტანოს ქვეყნის დღის წესრიგის განხორციელებაში, აუცილებლად ვითანამშრომლებთ
ირაკლი კობახიძე - თუ პრეზიდენტს ექნება სურვილი, დადებითი წვლილი შეიტანოს ქვეყნის დღის წესრიგის განხორციელებაში, აუცილებლად ვითანამშრომლებთ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით იყო კონცეპტუალური განსხვავება პრეზიდენტისა და პარლამენტის პოზიციებს შორის. მისი თქმით, სწორედ კონცეპტუალურმა განსხვავებამ განაპირობა ის ერთგვარი დაპირისპირება, რომელიც წარმოიქმნა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის.

„პარლამენტის მიზანი იყო, რომ განხორციელებულიყო საკონსტიტუციო რეფორმა, პრეზიდენტის მიზანი იყო, არ შემდგარიყო საკონსტიტუციო რეფორმა და ამ კონცეპტუალურმა განსხვავებამ განაპირობა ის ერთგვარი დაპირისპირება, რომელიც წარმოიქმნა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, პრეზიდენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას შორის.

რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენ დღის წესრიგის შესაბამისად, ჩვენ წარვდექით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძალიან კონკრეტული პროგრამით ამომრჩევლის წინაშე და პარლამენტის მთავარი ამოცანა ამ პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფაა, ჩვენი კომპეტენციების საფუძველზე. თუ პრეზიდენტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ექნება ამ ყველაფერში თავისი პოზიტიური წვლილის შეტანის სურვილი, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მათი მიზანი იყო, რომ შემდგარიყო საკონსტიტუციო რეფორმა და ამ მიზანს მიზანმიმართულად მისდევდნენ.

„ეს მიზანი განხორციელდა. ეს იყო ჩვენი მიზანი – პრეზიდენტის ჰქონდა სხვა მიზანი და აქედან გამომდინარე, აცდა ჩვენ გზები ერთმანეთს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, თუ პრეზიდენტს ექნება იმის სურვილი, რომ თავისი დადებითი წვლილი შეიტანოს ქვეყნის დღის წესრიგის განხორციელებაში, თანამშრომლობა შედგება.

„პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად დასახული მიზნები და ჩვენი ამოცანა არის ამ მიზნების განხორციელება. რაც შეეხება სხვა ორგანოებს, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რა თქმა უნდა პარლამენტისა და მთავრობის ინტერაქციას, იმიტომ, რომ იმას, რასაც განსაზღვრავს პარლამენტი ზოგადი მიმართულებების სახით, შემდეგ აღასრულებს მთავრობა. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთავრობისა და პარლამენტის ინტერაქციას. თუ პრეზიდენტს ექნება იმის სურვილი, რომ თავისი დადებითი წვლილი შეიტანოს ქვეყნის დღის წესრიგის განხორციელებაში, ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკის“ ეთერში.