ირაკლი კობახიძე - თუ პარტიები მიიღებენ რაციონალურ გადაწყვეტილებას, დაფინანსება აღარ შეუწყდებათ, მათ კანონპროექტის მიღების შემდეგაც რჩებათ სივრცე ამისთვის
ირაკლი კობახიძე - თუ პარტიები მიიღებენ რაციონალურ გადაწყვეტილებას, დაფინანსება აღარ შეუწყდებათ, მათ კანონპროექტის მიღების შემდეგაც რჩებათ სივრცე ამისთვის

პარტიებს კანონპროექტის მიღების შემდეგაც შეუძლიათ, განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელიც მათ სახელმწიფო დაფინანსებას შეუნარჩუნებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში ყველა იურიდიული საკითხი გათვალისწინებულია.

„რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც დაფინანსებას უკავშირდება, კანონპროექტის მიღების შემდეგაც შეუძლიათ პარტიებს, განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელიც მათ დაფინანსებას შეუნარჩუნებს და რომლის საფუძველზეც, სახელმწიფო დაფინანსება არ შეუჩერდებათ. აქედან გამომდინარე, აქ უკუძალის პრობლემა თავიდან ბოლომდე არის მოგვარებული და ამ შემთხვევაში, უკუძალა აქტუალური არ არის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს კანონპროექტი მიმართულია საბოტაჟის წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, თუ პოლიტიკური პარტიები ამ კანონპროექტების გამო გადაწყვეტენ, საბოტაჟზე უარი თქვან და საპარლამენტო ცხოვრებაში შემოვიდნენ, ეს ძალიან კარგი იქნება. ამ შემთხვევაში, მათ არ შეუჩერდებათ სახელწიფო დაფინანსება და არც საეთერო დრო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს ეს ინიციატივები მოლაპარაკებებზე და დატოვებს თუ არა მოლაპარაკების სივრცეს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გავლენას თუ მოახდენს გავლენას, მხოლოდ დადებითს.

„ისინი საბოტაჟს ახორციელებენ, რასაც სამართლებრივი რეაგირება სჭირდება. თუ საპარლამენტო საბოტაჟს ახორციელებს პოლიტიკური პარტია, ის უპირისპირდება დემოკრატიულ სისტემას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამას სამართლებრივი რეაგირება სჭირდება. ამ კანონპროექტების საფუძველზე კიდევ ერთხელ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს, კარგად აწონ-დაწონონ, უღირთ თუ არა ასეთი შტურმი დემოკრატიულ სისტემაზე და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. თუ მიიღებენ რაციონალურ გადაწყვეტილებას, მათ აღარ შეუჩერდებათ და აღარ შეუწყდებათ არც დაფინანსება და არც უფასო საეთერო დრო. კანონპროექტის მიღების შემდეგაც, მათ რჩებათ სივრცე ამისთვის, რაც ამ პაკეტის მნიშვნელოვანი ასპექტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში უკვე შესულია ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. ამასთან, პარტიას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში ლიდერის რანგში მონაწილე პირი კონსტიტუციურ ცენზს არ აკმაყოფილებს, შესაძლოა, რეგისტრაცია გაუუქმდეს.