ირაკლი კობახიძე - მარგველაშვილი „პორტირებულებში“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს თუ გულისხმობს, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ირაკლი კობახიძე - მარგველაშვილი „პორტირებულებში“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს თუ გულისხმობს, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია

თუ საუბარია „ნაცონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ „პორტირებულ“ „ნაციონალებს“ ეხებოდა.

ამასთან, მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტია, ვინ იქნება ქვეყნის პრემიერი.

„არ ვიცი, გიორგი მარგველაშვილი „პორტირებულებში“ რას გულისხმობს. თუ საუბარია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე, ასეთი ადამიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია სავსეა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მას უფლებამოსილების ვადა ეწურება და ბოლო დღეებში ცდილობს, რაღაცნაირად თავისი შეხედულებით კუდი მოიქნიოს. ეს ღირსეული საქციელი არ არის. რაც შეეხება მარგველაშვილის განცხადებებს, ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ეს არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტი. ეს გამარჯვებული „ქართული ოცნებაა“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. ამ პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტა, პრემიერი ვინ უნდა იყოს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ მეორე ვადით პრეზიდენტის პოსტზე დარჩენილიყო, თუმცა იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია არჩევნების დროისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ გაბედა.

კობახიძე გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, მისთვის მინიჭებულ მანდატს არ გასცდეს.

მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს სტუდენტებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი სტუდენტის კითხვის პასუხად განაცხადა, „ასე ირჩევა ხოლმე ქართული პოლიტიკური რეალობა – არსებობენ პორტირებული „ნაციონალები“, ვინც არიან „ქართულ ოცნებაში“; ექსპორტირებული “ნაციონალები“, რომლებიც არიან „ევროპულ საქართველოში“ და ჭეშმარიტი „ნაციონალები“, ვინც არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებსჭეშმარიტებმა რა დააშავეს“.