ირაკლი კობახიძე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქართული სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება
ირაკლი კობახიძე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქართული სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების კვალდაკვალ, უწინდებურად რჩება ქართული სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ გამოწვევის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ემსახურება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის საქართველოს სახელმწიფო სერვისებისა და განათლების პროგრამების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, აგრეთვე მათ ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ საზოგადოებასთან.

ამასთან, როგორც მან კანონშემოქმედებით საქმიანობაზე საუბრისას აღნიშნა, პარლამენტი ტრადიციულად განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს განათლების სფეროსადმი – ზოგადი, უმაღლესი თუ პროფესიული განათლება.

„ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ნოემბერში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, რომლის მიზანია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ,,დედაენის“ ანუ ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის საკანონმდებლო დონეზე დაცვა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენებისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განსაკუთრებული პრიორიტეტია სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როგორც მან აღნიშნა, ამ კუთხით, დადგინდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დამატებითი ფუნქციები, რომლის მიხედვითაც სამსახურს დაევალა სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა.

„ამავე დროს, ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებით პატივსაცემი ნაწილის –  პედაგოგების პირობების გაუმჯობესებისთვის. უნდა აღვნიშნო იმ კონსტიტუციური გარანტიის შესახებ, რომელიც განამტკიცებს აკადემიურ თავისუფლებასა და საუნივერსიტეტო ავტონომიას. გასულ წელს განხორციელებული ცვლილებებით, აგრეთვე დაიხვეწა პროფესიული განათლების სისტემა და ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება  გაცილებით ეფექტიანი გახდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, მისი თქმით, პარლამენტი ზრუნავს მაღაროელების, მშენებლებისა და სხვა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი პროფესიების წარმომადგენელთათვის სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხო პირობების გაუმჯობესებაზე.

„ამის გამოძახილი იყო ის მკაფიო კონსტიტუციური გარანტიები, რომელიც აისახა ქვეყნის უზენაესი კანონის ახალ რედაქციაში. ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწაზე. პარლამენტში ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომლის მიზანია, განისაზღვროს შრომის ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი; დადგინდეს ქმედითი და ეფექტიანი აღსრულებისა და ინსპექტირების მექანიზმის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საჭირო სამართლებრივი ჩარჩო. იმედი გვაქვს, მთავრობასთან ერთად, ამ სფეროში რაც შეიძლება სწრაფად საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას დავნერგავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ხელისუფლება ესწრაფვის მაღალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას ყველა მიმართულებით, სადაც საქმე ეხება მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ თვალსაზრისით, პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ცვლილებები გამოყო, რომლებიც თამბაქოს მოხმარების, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების, პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში განხორციელდა.

„ცალკე აღსანიშნავია გარემოს დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე გადადგმული სერიოზული ნაბიჯები, რაც გამოხატული იყო დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტებასა და გაფართოებაში; ტყის ეროვნული აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებაში; შავი ზღვის დაცვის სტრატეგიის შესამუშავებლად ნორმატიული ბაზის დადგენაში და ა.შ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ეკონომიკურ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.

დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაიწყო.  ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სხდომაზე პარლამენტის 2018 წლის ანგარიში წარადგინა და 2019 წლის გეგმებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ასევე მთავრობის წევრები დაესწრნენ.