ირაკლი კობახიძე - ტელევიზიაში შეჭრა ყველას გვახსენებს 7 ნოემბერსაც, „იბერიაში“ შეჭრას, „რუსთავი 2“-ის მიტაცებას, თავის დროზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცებას, არ იცვლება ხელწერა, არც მიდგომები
ხელოვანის სტატუსის მქონე ხალხი კეზერაშვილის ჟურნალისტებთან ერთად იჭრებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კოორდინირებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ტელევიზიაში შეჭრის მცდელობა არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა და ეს მოვლენა ყველას ახსენებს 7 ნოემბერს, „იბერიაში“ შეჭრას, „რუსთავი 2“-ის მიტაცებას და თავის დროზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცებას.
„ყველაფერი ზოგადად არის კოორდინირებული. იცით, რომ ტრენინგები უტარდებოდათ ამ ადამიანებს. თქვენთან მოვიდნენ, მაგალითად, ე.წ. ხელოვანები და ჩვენ ვსაუბრობდით საზოგადოების წინაშე კანვასის ტრენინგებთან დაკავშირებით. კანვასის ტრენინგებს გადიოდნენ სწორედ ეს ე.წ. თუ რა ვიცი, ხელოვანები დავარქვათ. მე არ მაქვს უფლება, ვიღაცას ვუწოდო ე.წ. ხელოვანი და ნამდვილი ხელოვანი, ეს უნდა შეაფასოს შესაბამისმა აუდიტორიამ, მაგრამ არიან ხელოვანები, შესაბამისი სტატუსის მქონე ხალხი, რომლებიც კეზერაშვილის ჟურნალისტებთან ერთად იჭრებოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში, შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის კოორდინირებული. თავის დროზე, როცა ვამბობდით, რომ ხელოვანებს უტარდებოდათ ტრენინგები რევოლუციაში, ვიღაცები ირონიულად პასუხობდნენ ამას, მაგრამ ფაქტია, არის წარუმატებელი, თუმცა რევოლუციური პროცესები, და ამაში პირდაპირ მონაწილეობენ ეს ადამიანები ხელოვანის სტატუსით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებულია. რაც შეეხება მედიაში შეჭრის მცდელობას, რა თქმა უნდა, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა. ყველას გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბერი, და სხვათა შორის, ერთი ორი „გულწრფელი“ ახალგაზრდა პირდაპირ ჰპირდებოდა „იმედის“ წარმომადგენლებს 7 ნოემბრის გამეორებას, თან ეს არაერთხელ მოხდა, მრავალჯერადად გაიმეორეს ეს გზავნილი. მართლაც გაუგონარი რამეა ეს ყველაფერი, თუმცა როდესაც ხარ, მაგალითად, კუდ-ის მაღალჩინოსნის შვილი და როცა ბავშვობიდან გინერგავენ, რომ 7 ნოემბერი იყო საოცარი მოვლენა, დადებითი მოვლენა, რა თქმა უნდა, ასეთი მორალით იზრდები, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ასეთ ახალგაზრდებსაც უნდა გავუფრთხილდეთ. რაც შეეხება ტელევიზიაში შეჭრას, ეს მოვლენა, რა თქმა უნდა, ყველას გვახსენებს 7 ნოემბერსაც, „იბერიაში“ შეჭრას, „რუსთავი 2“-ის მიტაცებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცებას თავის დროზე. ეს ყველაფერი ხომ გამოვიარეთ 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით. სულ რამდენიმე წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ დაემყარებინათ სრული სატელევიზიო მონოპოლია ჩვენს ქვეყანაში. ახლაც არ იცვლება არც ხელწერა, არც მიდგომები. რატომ? მაშინაც ისინი ამას აკეთებდნენ პატრონის დავალებით და ახლაც იმავეს აკეთებენ პატრონის დავალებით. ხელწერა არ იცვლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.