ირაკლი კობახიძე - თავის დროზე უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები რომ გამხდარიყვნენ, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა, საქართველო ყველანაირად მზად არის, ალიანსის წევრი გახდეს
ირაკლი კობახიძე - თავის დროზე უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები რომ გამხდარიყვნენ, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა, საქართველო ყველანაირად მზად არის, ალიანსის წევრი გახდეს

თავის დროზე უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები რომ გამხდარიყვნენ, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყველანაირად მზად არის, რომ ალიანსის წევრი გახდეს.

„სტატუს კვო დარჩა ძალაში უკრაინასთან მიმართებით, ასევე საქართველოსთან მიმართებით. ჩვენთვის ეს არის მისაღები შედეგი და პროგნოზიც ასეთი იყო. იმ ვითარებაში, როცა რეგიონში არის მძიმე მდგომარეობა, საქართველოსთან მიმართებით რაიმე სიახლეს არავინ ელოდებოდა. უკრაინის შემთხვევაშიც არავითარი სიახლე არ იყო, რაც ერთადერთი რამის შედეგია – ნატო-ს უჭირავს პრაგმატული პოზიცია რუსეთთან მიმართებით. ეს პირდაპირ დაფიქსირდა კომუნიკეში. რეალურად, საქართველო ყველანაირად მზად არის, გახდეს ალიანსის წევრი. ყველა თვალსაზრისით, ჩვენ ამისათვის მზად ვართ, თუმცა მზაობა არ არის მეორე მხარეს. ამის მზაობა არ იყო არც 2006 წელს, არც 2008 წელს, არც 2012 წელს, არც ამის შემდეგ. ამას აქვს პოლიტიკური საფუძველი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ თავის დროზე, მაგალითად, უკრაინა და საქართველო რომ გამხდარიყვნენ ნატო-ს წევრები, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა. საქართველო ყველანაირად მზად არის, ალიანსის წევრი გახდეს. ამისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს. უკრაინასაც მოუწოდებენ რეფორმებისკენ. იგივე თქვა ბაიდენმა უკრაინაზე. არაფერი სასპეკულაციო ამაში არ არის. საქართველო დღეს ყველანაირად მზად არის ალიანსის წევრობისთვის. პოლიტიკური ნება თუ იქნებოდა, საქართველო მზად არის ალიანსის წევრობისთვის. ეს არის ფაქტი და რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რატომ არ მიიწვიეს ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე, რაზეც კობახიძემ აღნიშნა:

„ეს აქტუალური შეკითხვა არ არის. მაგალითად, იქ იყო ბოსნია წარმოდგენილი არაპრემიერის დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ ასპირანტი ქვეყანაა. ერთადერთი ასპირანტი ქვეყანა, რომელიც იყო წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე, იყო უკრაინა, ზელენსკი ჩავიდა, თუმცა ზელენსკისაც როგორ შეხვდნენ, ესეც დაინახა საზოგადოებამ “, – განაცხადა კობახიძემ.