ირაკლი კობახიძე - რეზოლუცია კარგ საფუძველს ქმნის, რათა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის ძალისხმევა გააქტიურდეს
ირაკლი კობახიძე - რეზოლუცია კარგ საფუძველს ქმნის, რათა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის ძალისხმევა გააქტიურდეს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის თვალსაზრისით ძალისხმევა კიდევ უფრო გააქტიურდეს.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, პარლამენტი რეზოლუციის პროექტს მიმდინარე კვირაში მიიღებს.

„ჩვენთვის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ერთიანი პასუხი გაეცეს. მოხარული ვარ, რომ ერთიანი ტექსტის შემუშავება მოვახერხეთ, სადაც ნათლად არის დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.

ხელისუფლება დიდი ხანია, აქტიურად მუშაობს, რომ სამართალი აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, რომელთაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, საუბარია მკვლელობაზე, გატაცებაზე და ა.შ. ამის გამოხატულებაა ის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო და შესაბამისი სასჯელიც არის შეფარდებული. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ იმის საშუალებას მოგვცემს, რომ პრევენციული ზომები უფრო აქტიურად მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უფლებების დასაცავად. აღნიშნულზე მუშაობა დაწყებულია და გაგრძელდება.

რეზოლუცია კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის თვალსაზრისით ძალისხმევა კიდევ უფრო გააქტიურდეს”, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“  2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს.

საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებას აღნიშნულ ვალდებულებას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტით აკისრებს, რომელსაც დეპუტატები კენჭს 21 მარტის პლენარულ სხდომაზე უყრიან.

რეზოლუციის პროექტი საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტში განიხილეს. კომიტეტმა პროექტს მხარი დაუჭირა.