ირაკლი კობახიძე - თანხმობის შემთხვევაში, მე და ევროკავშირის ელჩები დავსხდებით, გავცვლით არგუმენტებს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, გპირდებით, იქიდან იქნება ნული არგუმენტი
ირაკლი კობახიძე - თანხმობის შემთხვევაში, მე და ევროკავშირის ელჩები დავსხდებით, გავცვლით არგუმენტებს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, გპირდებით, იქიდან იქნება ნული არგუმენტი

ჩვენი პრინციპული ამოცანაა, საზოგადოება არავის მოვატყუებინოთ, ეს არის ღირსების საქმე, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, უცხოელების მხრიდან არ არის წარმოდგენილი არცერთი არგუმენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ.

„ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების დაცვა. თუ ვხედავთ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი, თითოეული ადამიანი, რომელიც გამოდის ქუჩაში, აპროტესტებს, თუ ის არის გულწრფელი – შოთა უტიაშვილს და ეკა კვესიტაძეს არ ვგულისხმობ – თითოეული ჩვენთვის თანაბრად ძვირფასია და ყველაფერი არის ყურადსაღები. ჩვენი პრინციპული ამოცანაა, რომ საზოგადოება არავის მოვატყუებინოთ, ეს არის ღირსების საქმე, ჩვენი მხრიდან საზოგადოების ღირსების დაცვა და მისი მოტყუების არდაშვება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე.

დღეს კიდევ ერთხელ გვქონდა საუბარი არგუმენტებზე, ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, უცხოელები ვერ წარმოადგენენ არგუმენტს, უბრალოდ, არგუმენტი არ არსებობს, რატომ შეიძლება იყოს ცუდი, გკითხო, ფულს რაში ხარჯავ და ქართველ ხალხს გავაგებინო, დასამალი რა გაქვს. თუ კარგ საქმეს აკეთებ და ქველმოქმედებით ხარ დაკავებული, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას? პირობითად, მე ვაფინანსებ სოფლის მეურნეობის პროექტებს, ამაზე ვხარჯავ ფულს, რა არის დასამალი, გამოაქვეყნე, როდის, რამდენი ვის მიეცი, საზოგადოება თუ მიიღებს ამაზე ინფორმაციას წელიწადში ერთხელ, ამაში ცუდი რა არის? იმდენად აბსურდულ რაღაცებზე გვიწევს საუბარი, უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ დათანხმდებიან, დავსხდებით მე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, არგუმენტებს გავცვლით ამ კანონთან დაკავშირებით და გპირდებით, რომ იქიდან იქნება ნული არგუმენტი წარმოდგენილი, რადგან  ბუნებაში არ არსებობს. და არა იმიტომ, რომ ელჩები მომზადებული არ იქნებიან და ინტელექტი არ აქვთ, უბრალოდ, არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ, ბუნებაში ვერავინ დაგიმტკიცებს, რომ ფულის ჩვენება არის ცუდი.

უფლება არ მაქვს, ვისაუბრო, რა არგუმენტებით საუბრობენ დახურულ შეხვედრებზე. რაც შეეხება კონკრეტულ შეხვედრას, როცა გვქონდა საუბარი სამ ელჩთან, მათ, უბრალოდ, გზავნილი გადმოგვცეს, არ უსაუბრიათ, მსჯელობაში არ შევსულვართ ერთმანეთთან. მე მქონდა ჩემი არგუმენტები, მაგრამ მათ მხოლოდ გზავნილი გადმოგვცეს, გაგვიზიარეს, რა მოსაზრება არსებობს ევროკავშირში, ეს იყო ძირითადი მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.