ირაკლი კობახიძე - თამამად დავხვდებით ნებისმიერ მუქარას, რადგან სადაც არ არის კანონის დარღვევა, იქ ხელოვნურად კომპრომატი ვერ შეიქმნება 
ირაკლი კობახიძე - თამამად დავხვდებით ნებისმიერ მუქარას, რადგან სადაც არ არის კანონის დარღვევა, იქ ხელოვნურად კომპრომატი ვერ შეიქმნება 

თამამად დავხვდებით ნებისმიერ მუქარას, რადგან სადაც არ არის გადაცდომა, სადაც არ არის კანონის დარღვევა, სადაც არ არის დანაშაული, იქ ხელოვნურად კომპრომატი ვერ შეიქმნება, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ჩანაწერების საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ვიქტორ ჯაფარიძემ განმარტა, რომ მას სერიოზულად არ აღუქვია იმ საუბრების შინაარსი, რომელსაც სუბელიანთან აწარმოებდა. ჩვენ კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ გვქონია, ეს არის მოკლე პასუხი. რაც შეეხება მუქარას, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მუქარის არავის ეშინია. მუქარის ეშინია იმას, ვინც არღვევს კანონს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არავის არ ეშინია არც ერთი ადამიანის მუქარის, მათ შორის მირზა სუბელიანის, თუ ვინმე დაგვემუქრება, ჩვენ ყველას პასუხს გავცემთ ჩვენი სიმართლით, რადგან გვაქვს ჩვენი სიმართლე. ეშინოდა იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩაბარდა წარსულს, რატომ ეშინოდა იმიტომ, რომ ისინი ჩადიოდნენ დანაშაულს. საუბარია მაგალითად, ბიზნესის რეკეტზე მოვიყვანეთ ჩვენ კონკრეტული მონაცემები, ათიათასმა ადამიანმა “აჩუქა” სახელმწიფოს თავისი ქონება, ასეთი რამ არ იმალება და როდესაც საზოგადოებაში ასეთი რამ ტრიალებს, იქ ბუნებრივია, შეიძლება ქონდეს ეფექტი მუქარას, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი აღკვეთილია საზოგადოებაში, ბუნებრივია, ხელისუფლებას არავის მუქარის არ ეშინია, ეს არის ჩვენი სითამამის მიზეზი. ასევე თამამად დავხვდებით ნებისმიერ მუქარას, რადგან სადაც არ არის გადაცდომა, სადაც არ არის კანონის დარღვევა, სადაც არ არის დანაშაული, იქ ხელოვნურად ვერავითარი კომპრომატი ვერ შეიქმნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის ნებართვას, ირაკლი კობახიძე აცხადებს, საპატიმროში დეპუტატების შესვლასთან დაკავშირებით უამრავი ნებართვაა გაცემული.

მისივე თქმით, არ აქვს უფლება, დეპუტატსა და საპატიმროში მყოფი ადამიანის საუბარზე მოითხოვოს ინფორმაცია.

„საგამოძიებო კომისიის ფარგლებში იყო არაერთი ნებართვა გაცემული, იქაც არაერთი ადამიანი იყო შესული. იყო მიმართვა რამდენჯერმე და ასე შევიდა ვიქტორ ჯაფარიძეც. ჩემი არც უფლება არ არის ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოკითხვა. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით, პარლამენტის თავმჯდომარე არ არის დირექტორი პარლამენტში, შესაბამისად, თავმჯდომარეს არა აქვს უფლებაც კი იმისა, რომ მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია დეპუტატსა და საპატიმროში მყოფ ადამიანის საუბრის თაობაზე”, – განაცხადა კობახიძემ.