ირაკლი კობახიძე - სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, ცილისწამების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა მომზადდეს და დამტკიცდეს
ირაკლი კობახიძე - სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, ცილისწამების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა მომზადდეს და დამტკიცდეს

სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, ცილისწამების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა მომზადდეს და დამტკიცდეს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„საკითხი ძალიან რთული და კომპლექსურია. არის სერიოზული დილემა. საზოგადოებაში გვაქვს პრობლემა. ვხედავთ, რომ იგივე ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობა გახდა, რაც ქართულ საზოგადოებაში მიღებული და ჩვენს კულტურასთან მაინცდამაინც თავსებადი არ იყო. თუმცა, თანდათანობით, ხელოვნურად თუ არახელოვნურად, ცდილობენ ბილწსიტყვაობა საჯარო სივრცეში დაამკვიდრონ, რაც პირადად ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია. გარდა ამისა, გვაქვს „ფეიკ ნიუსების“, ანუ ყალბი, ცრუ ინფორმაციის პრობლემა და ეს პრობლემა, თუნდაც, საგარეო საფრთხეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პრობლემა სერიოზულია, მაგრამ მეორე მხარეს დგას გამოხატვის თავისუფლება, რაც ჭარბი დოზით არ უნდა შეიზღუდოს და რა თქმა უნდა, კონსტიტუციის პრინციპები არ უნდა დაირღვეს.

„შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის. მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან და ექსპერტებთან. თუ ჩვენ სწორი ბალანსის პოვნას მოვახერხებთ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია კანონპროექტი მომზადდეს და ის მიღებული იყოს. მთავარია, ერთ მხარეს არ დაზარალდეს გამოხატვის თავისუფლება და მეორე მხარეს, ეს ობიექტური ინტერესები იყოს დაცული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, რატომ ხდება ისე, რომ გარკვეულ ინიციატივებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი დახურულ კარს მიღმა თანხმდება და საზოგადოებას შემდეგ ეცნობება, რითაც საზოგადოება პროცესში ვერ ერთვება, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაცია აქვს, თუმცა, ამ კუთხით, ხარვეზებია. მისი თქმით, არის მეორე პრობლემაც – როგორც კი შიდა დისკუსია გაიშლება, ინფორმაცია გარეთ გამოდის და თუ იგი გარეთ მოუმზადებლად გადის, ხანდახან ისეთ დარტყმას იღებს, რომ თუნდაც სასარგებლო რეფორმის გატარება რთული ხდება.

„ამიტომ, ასეთი დილემა, ბუნებრივია, გუნდის შიგნით გვაქვს ხოლმე. რაღაცებზე უფრო ფართო დისკუსია იშლება, თავიდანვე, რაღაც შემთხვევაში კი, შედარებით ვიწრო. ანუ, ბუნებრივია, ამას აქვს ობიექტური მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.