ირაკლი კობახიძე – სუვერენიტეტის მტკიცედ დაცვის გარდა, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, ფაქტია, ვერც უსამართლო რეზოლუციებით და ვერც რევოლუციის მცდელობებით „დიფ სთეითი“ საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს
ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, ლგბტ პროპაგანდა, მიგრანტების იძულებითი მიღება, სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ეროვნულ იდენტობაზე უარის თქმა, ეკონომიკის სტაგნაცია და ა.შ. – სწორედ ასეთია „დიფ სთეითის“ მიერ შეთავაზებული კომფორტის ფასი, ფასი, რომელმაც ევროკავშირი და ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სუვერენიტეტის მტკიცედ დაცვის გარდა, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს.
„მოშლილ ეროვნულ, რელიგიურ და პიროვნულ იდენტობასთან ერთად, ხაზგასასმელია უმძიმესი ეკონომიკური ტენდენციები: ხშირად გვითქვამს, რომ თუ 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 30%-ს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 18 %-ზე ნაკლებია.
შესაბამისად, თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არჩევანი აქვს და ამდენ აბსურდულ რეზოლუციასა და რევოლუციის მცდელობებთან გამკლავებას „დიფ სთეითის“ თამაშის წესებზე დაყოლა სჯობს, როგორც ამას თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი აკეთებდნენ, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არჩევანი საქართველოს არა მხოლოდ ეკონომიკის და ტრადიციული ღირებულებითი სისტემის განადგურებად, არამედ სუვერენიტეტის სრულად დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს, რადგან საქართველოს შემთხვევაში ხელისუფლების მიერ, ეროვნულის გარდა, ნებისმიერი სხვა ტიპის პოლიტიკის გატარება ქვეყნისთვის ეგზისტენციური საფრთხის შემცველია. არასუვერენული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება დღის წესრიგში, რასაც საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის გახსნის მრავალგზის მოთხოვნაც მოწმობს.
ამგვარად, სუვერენიტეტის მტკიცედ დაცვის გარდა, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. ფაქტია, რომ ვერც უსამართლო რეზოლუციებით, ვერც აბსურდული განცხადებებით და ვერც რევოლუციის მცდელობებით „დიფ სთეითი“ საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს, მით უმეტეს, რომ 2024 და 2025 წლებში ქართველმა ხალხმა სწორედ ამ ყველაფრის ფონზე დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას““, – აღნიშნა პრემიერმა.