ირაკლი კობახიძე - სუს-მა გამოავლინა კონკრეტული ქსელები, რომელთა მეშვეობითაც ხდება საქართველოში რადიკალური სცენარების დაგეგმვა, თუმცა ამ გეგმებს განხორციელება არ უწერია
ირაკლი კობახიძე - სუს-მა გამოავლინა კონკრეტული ქსელები, რომელთა მეშვეობითაც ხდება საქართველოში რადიკალური სცენარების დაგეგმვა, თუმცა ამ გეგმებს განხორციელება არ უწერია

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ და შეამცირა რადიკალიზმისა და პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, ახლა ცდილობენ, შემოვლითი გზებით დააფინანსონ რადიკალური აქტივობები, თუმცა მათი რესურსი არის შედარებით შეზღუდული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დანიაში განუცხადა.

მისივე თქმით, „ენჯეოების“ ნაწილი ღიად არის ჩართული რევოლუციურ პროცესებში.

„ენჯეოების ნაწილი პირდაპირ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში. ეს განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო 2022 წლის ივნისიდან, როდესაც ისინი ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე პარლამენტის შენობის წინ და კანდიდატის სტატუსის არმინიჭების გამო მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათივე მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება. იქიდან მოყოლებული, ისინი უკვე ღიად არიან ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, რაც ნიშნავდა იმას, რომ თავის დროზე, ამერიკული წყაროებიდან ღიად ფინანსდებოდა რევოლუციური პროცესები „ენჯეოების“ მეშვეობით და ეს გაგრძელდა ასევე ევროპული წყაროების მეშვეობით. „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) გამოირჩევა, როგორც რადიკალიზმის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო, რასაც საზოგადოება ხედავს. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, თუმცა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ და ამან შეამცირა რადიკალიზმისა და პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. ახლა ცდილობენ, შემოვლითი გზებით დააფინანსონ ასეთი ტიპის აქტივობები, რადიკალური აქტივობები, თუმცა მათი რესურსი არის შედარებით შეზღუდული. თუმცა, თქვენ ნახეთ, რომ სუს-მა გამოავლინა კონკრეტული ქსელები, რომელთა მეშვეობითაც ხდება საქართველოში რადიკალური სცენარების დაგეგმვა, მაგრამ ამ გეგმებს განხორციელება არ უწერია“, – განაცხადა პრემიერმა.