ირაკლი კობახიძე - სტუდენტის დაფინანსების სისტემა დასახვეწია, ეს საგრანტო მოდელი უნდა ჩანაცვლდეს სისტემით, რომელიც ერთობლივად ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს
ირაკლი კობახიძე - სტუდენტის დაფინანსების სისტემა დასახვეწია, ეს საგრანტო მოდელი უნდა ჩანაცვლდეს სისტემით, რომელიც ერთობლივად ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს

დაფინანსების სისტემა არის დასახვეწი, ძალიან უხეში სისტემაა. წლების მანძილზე მოქმედებს საგრანტო დაფინანსების მოდელი – ერთ სტუდენტზე 2 250 ლარი, ეს თანხაც კი არ შეცვლილა, არც ინფლაციას მიჰყვება, უხეშად მოჭრილი დაფინანსებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღევანდელი მიდგომა უნდა გადაიხედოს.

„უნდა შეფასდეს, რა მიმართულებით რა საჭიროება არსებობს, მათ შორის კონკრეტული სპეციალობები, საჭიროებებიც უნდა განისაზღვროს. მაგალითად, ექიმის მომზადებას, შეიძლება, დასჭირდეს მეტი თანხა, ვიდრე იურისტის მომზადებას. ამასაც კი არ ითვალისწინებს დღევანდელი მოდელი. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს. ვფიქრობთ, ეს საგრანტო მოდელი უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად“, – განაცხადა კობახიძემ.