ირაკლი კობახიძე - სტრასბურგისთვის მიმართვაში სააკაშვილის ადვოკატები ალბათ პერსპექტივას ვერ ხედავენ, სარჩელის დაკმაყოფილებით, ბოლომდე უნდა ჩამოიშალოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპაში
ირაკლი კობახიძე - სტრასბურგისთვის მიმართვაში სააკაშვილის ადვოკატები ალბათ პერსპექტივას ვერ ხედავენ, სარჩელის დაკმაყოფილებით, ბოლომდე უნდა ჩამოიშალოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპაში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით სტრასბურგის სასამართლოში ადვოკატების მიერ სარჩელის შეტანა უპერსპექტივო იქნება, რადგან სასამართლო ვერ დაუშვებს პრეცედენტს, პატიმრის მიერ წონის ხელოვნური დაკლება მისი გათავისუფლების საბაბი გახდეს.

მისივე თქმით, სასამართლო ერთხელ მაინც თუ დაუშვებს ასეთ პრეცედენტს, მაშინ ვერცერთი ციხე ვეღარ იმუშავებს.

„მაღალია ალბათობა, რომ სტრასბურგში პერსპექტივას ვერ ხედავენ ამ მიმართვაში და ამას აქვს თავისი მიზეზი. სტრასბურგმა რომ დააკმაყოფილოს ასეთი სარჩელი, გამოდის, რომ ბოლომდე უნდა ჩამოშალოს სასჯელაღსრულების სისტემები მთელი ევროპის მასშტაბით. სასამართლო ერთხელ მაინც თუ დაუშვებს პრეცედენტს, რომ ადამიანი ხელოვნურად იკლებს წონაში და ეს ხდება მისი გათავისუფლების საფუძველი, მაშინ ვერცერთი ციხე ვეღარ იმუშავებს. მაშინ ნებისმიერ პატიმარს შეუძლია, ზუსტად იგივე გაიმეორეოს, ხელოვნურად დაიკლოს წონაში, რასაც აკეთებს სააკაშვილი. ამ შემთხვევაში, ეს თუ იქნება მისი გათავისუფლების გარანტია, ბუნებრივია, ვერცერთი საპატიმრო დაწესებულება ასეთ შემთხვევაში ვეღარ გააგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას. ამიტომ, მე ვერ ვხედავ ამ საქმის პერსპექტივას, ამ საქმის მათთვის სასარგებლოდ დასრულების პერსპექტივას და ალბათ ასეთი ეჭვები მათ თავადვე აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.