ირაკლი კობახიძე - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რაც თავის დროზე დაადგინა ქართულმა მართლმსაჯულებამ, ყველამ კარგად იცის, რომ გვარამიას აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული
ირაკლი კობახიძე - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რაც თავის დროზე დაადგინა ქართულმა მართლმსაჯულებამ, ყველამ კარგად იცის, რომ გვარამიას აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული

რეალურად, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადასტურა ის, რაც თავის დროზე დაადგინა ქართულმა მართლმსაჯულებამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ნიკა გვარამიას აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული.

„გვარამიამ ერთ-ერთ ტელევიზიას მოჰპარა, წაართვა შვიდი მილიონი, ეს არის მისი დანაშაული. ეს არის მძიმე დანაშაული, განსაკუთრებით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყოს მედიის წინააღმდეგ მიმართული. ეს დადასტურდა, საბოლოო ჯამში, სტრასბურგის გადაწყვეტილებით. ვერავითარი პიარული ტრიუკი ვეღარ დაეხმარება გვარამიას, რომ ეს ლაქა ჩამოიწმინდოს“, – განაცხადა კობახიძემ.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.