ირაკლი კობახიძე - სრული თავის მოჭრაა, მარტივ თემაზე პრეზიდენტის იურისტები გაუგონარ რაღაცებს ლაპარაკობენ, მუსიკაში რომ ერკვეოდეთ და უსმენდეთ კაკაფონიას შვიდი-რვა საათი, ასეთი მძიმე შეგრძნებაა
სრული ნონსენსი და თავის მოჭრაა, როდესაც ასეთ მარტივ თემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტები გაუგონარ რაღაცებს ლაპარაკობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობდა.
კობახიძის თქმით, სირცხვილია, როდესაც ადამიანი ერთმანეთისგან სტატუსს და უფლებამოსილებას ვერ არჩევს.
„ძალიან მძიმე მოსასმენია. აქ სისუსტეზეც არ არის საუბარი. თქვენ წარმოიდგინეთ, მუსიკაში რომ ერკვეოდეთ და უსმენდეთ კაკაფონიას დაახლოებით შვიდი-რვა საათის განმავლობაში, ასეთი მძიმე შეგრძნებაა. უბრალოდ გაუგონარი რამეა, რასაც ვისმენთ პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან. შეიძლება, აბრალებდე, დავუშვათ, პოლიტიკური მიკერძოებას, შეიძლება, აბრალებდე რაღაც ინტერესებს, მაგრამ ელემენტარული კომპეტენცია თუ გაქვს, ასეთ რაღაცებს უბრალოდ ვერ ილაპარაკებ. უბრალოდ გაუგონარია, რასაც ლაპარაკობენ.
დეტალებში ხვალ შევალთ, როდესაც კითხვების დასმას გავაგრძელებთ და ჩვენს დასკვნას, შემაჯამებელ სიტყვას წარვადგენთ. დღეს ვერ ვისაუბრებ ამ ყველაფერზე. ხვალ მოისმენთ ჩვენს პოზიციას. შემიძლია, გითხრათ, რომ სრული ნონსენსია. ვფიქრობდი, რომ სტუდენტები უყურებენ ამ ყველაფერს და უბრალოდ, თავის მოჭრაა, როდესაც ხედავენ, რომ ასეთი ზრდასრული ადამიანები, იურსიტები, ასეთ რამეებს ლაპარაკობენ ასეთ მარტივ თემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის შემაშფოთებელი და გამაოგნებელი.
სუსტი არგუმენტები კი არ არის, გაუგონარ რაღაცებს ლაპარაკობენ. მაგალითად, სხვადასხვა რამ რომ გგონია, წარმოადგენს და ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, ეს არის სირცხვილი, როცა ვერ არჩევ ერთმანეთისგან სტატუსს და უფლებამოსილებას, ეს არის სირცხვილი. ეს იურიდიული თემაც არ არის, ეს არის უნარების ელემენტარული ტესტი. აბიტურიენტები ხომ აბარებენ უნარ-ჩვევებს, ელემენტარული უნარ-ჩვევების ტესტის ამბავია, რომ სტატუსი და უფლებამოსილება ერთმანეთისგან უნდა გაარჩიო. ამას არ სჭირდება დიდი წიაღსვლები, იურიდიული მსჯელობა, დისკუსიები. იმედი მაქვს, არაკეთილსინდისიერება არის მთავარი პრობლემა და არა – არაკომპეტენტურობა, რადგან ასეთი არაკომპეტენტურობა უბრალოდ წარმოუდგენელი და გაუგონარია. მართალია, გვესმის მათი პოლიტიკური მიკერძოება. ჩვენ ვიცით, რომ ორივე მათგანი არის პოლიტიკურად მიკერძოებული, თუმცა მაინც ვერ გამართლდება მათი პოლიტიკური მიკერძოებით, იმით, რომ ისინი არიან მხარის წარმომადგენლები, ის გაუგონარი არაკომეპეტენტურობა, რომელსაც ისინი ავლენენ მთელი პროცესის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, ხვალ იქნება პროცესის მონაწილეებს შორის შეკითხვების ეტაპი და დასკვნითი სიტყვები.