ირაკლი კობახიძე - სრული მობილიზებაა საჭირო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სათანადო შედეგით დასრულდეს
ირაკლი კობახიძე - სრული მობილიზებაა საჭირო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სათანადო შედეგით დასრულდეს

შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტურისთვის „ქართული ოცნება“ სრული დატვირთვით არ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, დღეს სრული მობილიზაციაა საჭირო იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური „სათანადო შედეგით დასრულდეს“.

„დღეს გვჭირდება სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ სათანადო შედეგით დასრულდეს მეორე ტური. ასეთი სრული მობილიზაციის პირობებში დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. ამ მობილიზებაში იგულისხმება საარჩევნო მუშაობა, სრული რესურსის მობილიზაცია, როგორც პოლიტიკური აქტივის, ასევე სხვა მიმართულებით ჩვენი რესურსების მობილიზაცია, ამის საფუძველზე უნდა იყოს შედეგი.

ადამიანების გულის მოგება უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი, ამას უნდ დაეთმოს ეს თვეც, მომდევნო თვეც, მომდევნო ორი წელიწადიც საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი. ჯერ კიდევ 800 ათასი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ამ ადამიანების ყოფის გაუმჯობესება უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის სურვილია, რომ დრამატულად წარმოაჩინონ მოვლენები, მაგრამ აქ დრამატული არაფერია.

„ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნების პირველ ტურში და ასევე დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ მეორე ტურში, რის მერეც გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური განვითარების პროცესი.

სტაბილურობა არის ის, რისი შერყევის საშუალებასაც ჩვენ არავის მივცემთ, მით უმეტეს, ამის საშუალებას არ მივცემთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ყოველთვის მტრობდა საქართველოში სტაბილურობას და უსაფრთხოებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.