ირაკლი კობახიძე - სოფლების გაზიფიცირება გაგრძელდება, 2028 წლისთვის გაზიფიკაციის მაჩვენებელი იქნება 95%, დამატებით 300 000 მოქალაქე მიიღებს 24-საათიან წყალმომარაგებაზე წვდომას
ირაკლი კობახიძე - სოფლების გაზიფიცირება გაგრძელდება, 2028 წლისთვის გაზიფიკაციის მაჩვენებელი იქნება 95%, დამატებით 300 000 მოქალაქე მიიღებს 24-საათიან წყალმომარაგებაზე წვდომას

გაზიფიკაციის ტემპი 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა ჩვენს ქვეყანაში. შედეგად, მივიღეთ, რომ პოტენციური აბონენტების 90 პროცენტზე მეტი არის უკვე გაზიფიცირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის გაზიფიკაციის მაჩვენებელი იქნება 95 პროცენტი.

„რაც შეეხება დამატებით რეგიონულ განვითარებას, სოფლების გაზიფიცირება – იცით, რამხელა პროგრესი გვქონდა ჩვენ ამ მიმართულებით გასული წლების განმავლობაში. გაზიფიკაციის ტემპი გაიზარდა 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ ჩვენს ქვეყანაში. შედეგად, მივიღეთ, რომ 90%-ზე მეტი პოტენციური აბონენტების არის უკვე გაზიფიცირებული. სოფლების გაზიფიცირება გაგრძელდება, უკვე მომავალ წელს 93%-ს მიაღწევს გაზიფიკაციის მაჩვენებელი და  2028 წლისთვის გაზიფიკაციის მაჩვენებელი იქნება 95%. პრაქტიკულად, ჩვენ მივწვდებით უკვე ყველა იმ სოფელს, სადაც რეალურია გაზიფიკაციის ამუშავების წარმართვა. ინტერნეტიზაციის მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები, 5 000 კილომეტრი ახალი ქსელი უნდა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში. წყალმომარაგებაზე წვდომა გადააჭარბებს 80%-ს. დასრულდება მომავალ წელს ქალაქების წყალმომარაგების პროგრამა და ამის შემდეგ ეს პროგრამა გაგრძელდება უკვე ურბანულ დასახლებებში. დამატებით 300 000 მოქალაქე მიიღებს 24-საათიან წყალმომარაგებაზე წვდომას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.