ირაკლი კობახიძე სლოვენიის რესპუბლიკასა და ვატიკანში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სლოვენიის რესპუბლიკასა და ვატიკანში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს მისიების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე – კონსტანტინე სურგულაძე, წმინდა საყდართან კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით მექვაბიშვილი დაინიშნა.
„სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა, ასევე სხვადასხვა დროს იყო ნიდერლანდების სამეფოსა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით მექვაბიშვილი კი სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის სამხედრო სუვერენული ორდენის საელჩოში“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.