ირაკლი კობახიძე - შსს ყველაფერს გააკეთებს ძალადობის პრევენციისთვის, თუმცა თუ დაგეგმილია, შეუძლებელია ამის სრულად გამორიცხვა, რადიკალები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ძალადობა განხორციელდეს
ირაკლი კობახიძე - შსს ყველაფერს გააკეთებს ძალადობის პრევენციისთვის, თუმცა თუ დაგეგმილია, შეუძლებელია ამის სრულად გამორიცხვა, რადიკალები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ძალადობა განხორციელდეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალადობის პრევენცია მოხდეს, თუმცა შეუძლებელია ამის სრულად გამორიცხვა, თუ ძალადობა დაგეგმილია, რადიკალური ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ძალადობა განხორციელდეს. მთავარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს არა ევროპული სტანდარტებით, არამედ ევროპულზე მაღალი სტანდარტებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, დღეს სამართალდამცველები ევროპული სტანდარტებით მოქმედებენ.

„ესაა დღევანდელი ხელწერა ჩვენი ხელისუფლების და, კონკრეტულად, სამართალდამცავი ორგანოების, რითიც განსხვავდება დღევანდელი შსს, მაგალითად, მერაბიშვილის და გახარიას მოქმედებისგან. ესაა სტანდარტი, რომელიც აუცილებლად იქნება დაცული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ყველაფერი გაკეთდება პრევენციისთვის. რაც შეეხება უმრავლესობას და უმცირესობას, ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ჩაატარა ერთ-ერთმა კომპეტენტურმა, არ დავასახელებ, თუმცა შეგიძლიათ, ივარაუდოთ, ვისთან შეიძლება, ვმუშაობდეთ, მაგრამ ესაა მაღალი კვალიფიკაციით გამორჩეული გუნდისგან შემდგარი ორგანიზაცია. 80%-ზე მეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობას, როცა უშუალოდ კანონთან დაკავშირებით დაისვა კითხვა, 61% პროცენტი დაფიქსირდა მხარდაჭერა. ყველა ვხედავთ, სად არის საზოგადოების მხარდაჭერა. რაც შეეხება აქციებს, ჩვენს აქციაზე რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო გამოსული. ცალსახად შეიძლება იმის თქმა, ჩვენ უნდა გავყვეთ საზოგადოების უმრავლესობის ნებას. ესაა რაციონალური გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ასახული პარლამენტის მიერ გამოცემულ აქტში“, – განაცხადა კობახიძემ.