ირაკლი კობახიძე - შეწყალების საკითხზე პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის კონსულტაციები არ გამართულა, რაც ასევე დაადასტურა სალომე ზურაბიშვილმა
ირაკლი კობახიძე - შეწყალების საკითხზე პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის კონსულტაციები არ გამართულა, რაც ასევე დაადასტურა სალომე ზურაბიშვილმა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით კონსულტაციები პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის არ გამართულა, რაც ასევე დაადასტურა თავად სალომე ზურაბიშვილმა.

„ჩვენ გავაკეთეთ განცხადება და ეს განცხადება შეესაბამებოდა სრულად იმ სინამდვილეს, რომელიც იყო. იმ მომენტისათვის, როდესაც ტარდებოდა პრეზიდენტის ბრიფინგი, ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, მე არ მქონდა პირადად ინფორმაცია როდესაც ვატარებდი ამ ბრიფინგს.

კონსულტაციები პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის არ გამართულა, რაც ასევე დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტმა. შესაბამისად, აქ არავითარ სიცრუესთან არ გვქონდა საქმე, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე ოპოზიციის ძალიან არასწორ სპეკულაციებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.