ირაკლი კობახიძე - შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარის პოზიცია დღეს მოვისმინოთ
ირაკლი კობახიძე - შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარის პოზიცია დღეს მოვისმინოთ

ჩვენ გვჭირდება ჯერ პარტიის შიგნით კონსულტაციების გავლა და ამის საფუძვლზე ვიტყვით, კონკრეტულად, როგორ წარდგება არჩევნებში „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, ის უნდა იყოს ზეპარტიული და  პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს კრიტერიუმი.

“როგორც იცით, დღეს იქნება ჩვენი თავმჯდომარის ინტერვიუ მედიასთან. მოვისმენთ მის ხედვას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან კომენტარებს, გვჭირდება ჯერ პარტიის შიგნით კონსულტაციების გავლა და ამის საფუძვლზე ვიტყვით, კონკრეტულად, როგორ წარდგება არჩევნებში „ქართული ოცნება“. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, ის უნდა იყოს ზეპარტიული. შესაბამისად, პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს კრიტერიუმი, უნდა იყოს სისტემის მიმართ და სახელმწიფოს მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, ეს უნდა იყოს კრიტერიუმი და არა რომელი პარტიის მიმართ ლოიალობა. ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი, ასეთი პრეზიდენტის განმეორება ჩვენ ბუნებრივია, არ გვინდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის დროს არ იქნება კრიტერიუმი „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალობა.

„კრიტერიუმი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაწყებული ასაკით დამთავრებული გენდერით. ვხედავთ, რომ ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა, ამ კუთხითაც შეიძლება დაფიქრება. შეიძლება არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა, რათა კარგი მიმართულებით წარიმართოს ქვეყანაში განვითარების პროცესი. ჩვენ სხვადასხვა კრიტერიუმებს გავითვალისწინებთ და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს პირველი არხის სტუმარი იქნება.  ყოფილი პრემიერ-მინისტრი გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის კითხვებს უპასუხებს.  გადაცემა ეთერში „მოამბის“ მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე, 21:45 საათზე  გავა.