ირაკლი კობახიძე - შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი ხმას მისცემს ელექტრონული წესით, რაც ფუნდამენტური ცვლილებაა
ირაკლი კობახიძე - შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი ხმას მისცემს ელექტრონული წესით, რაც ფუნდამენტური ცვლილებაა

საარჩევნო რეფორმის კუთხით ფუნდამენტური ცვლილებებია განხორციელებული. მთავარი ცვლილება უკავშირდება ელექტრონულ ხმის მიცემას. შემოღებული იქნა ელექტრონული ხმის მიცემის წესი. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდება და ხმას მიცემს ელექტრონული წესით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საკმაოდ ფართო კონსენსუსით იქნა დამტკიცებული საქართველოს პარლამენტში.

„მეორე პრიორიტეტი არის საარჩევნო რეფორმა და აქაც, როგორც მოგეხსენებათ, განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები. მთავარი ცვლილება უკავშირდება ელექტრონულ ხმის მიცემას. შემოღებული იქნა ელექტრონული ხმის მიცემის წესი, კენჭისყრის წესი. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდება და ხმას მიცემს ელექტრონული წესით, რაც არის ფუნდამენტური ცვლილება. ეს პრაქტიკაზე აისახება ძალიან დადებითად. გახსოვთ, იყო უამრავი სპეკულაცია ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. პრობლემა იყო დაუბალანსებელი ბიულეტენები, ოქმები. ეს პრობლემები ავტომატურად მოგვარდება. კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით ერთ საათში, 20:00 საათზე სრულდება კენჭისყრა, 21:00 საათისთვის უკვე ამომრჩეველთა ხმების 90%-ზე მეტი იქნება დათვლილი და ატვირთული ცესკო-ს ვებგვერდზე, რაც ფუნდამენტურად გააუმჯობესებს მთლიანად საარჩევნო პროცედურების ხარისხს. ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განხორციელდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პარტიების დაფინანსების კუთხით ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

„ხარჯების წლიური ზედა ზღვარი განახევრდა პოლიტიკური პარტიებისთვის, რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსებს. აქაც გავყევით ოდირ-ის რეკომენდაციებს, გაორმაგდა ჯარიმები, რაც არის დაკავშირებული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ასევე დადგინდა ხანდაზმულობის ახალი ვადები ოდირ-ის რეკომენდაციების შესაბამისად. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, აქაც არის ფუნდამენტური ცვლილებები, კერძოდ, შემოღებული იქნა საუბნო კომისიების წევრთა სრული სერტიფიცირება, ყველა წევრი უნდა იყოს სერტიფიცირებული და ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე საარჩევნო კოდექსში. ასევე, საუბნო კომისიის ხელმძღვანელობა აირჩევა საოლქო კომისიის მიერ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო, რაც შესრულდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საჩივრებს, ირაკლი კობახიძის თქმით, გაიზარდა გასაჩივრების ვადები, რაც იყო ასევე ოდირ-ის ერთ-ერთი რეკომენდაცია.

„გადათვლას რაც შეეხება, აქაც ავტომატური გადათვლა იქნა შემოღებული დისბალანსების შემთხვევაში. თუ დისბალანსი აღემატება ხუთ ბიულეტენს ან არის ათი ბიულეტენი, ამ შემთხვევაში ავტომატურად გადაითვლება ნებისმიერი შესაბამისი უბანი. არსებითად, აქტუალური იქნება ეს საკითხი იმ უბნებისთვის, სადაც არ ვრცელდება ელექტრონული კენჭისყრა. მარკირება შემოღებული იქნება, მათ შორის იმ ამომრჩევლისთვის, რომელიც გადასატანი ყუთით აძლევს ხმას. ესეც არის მნიშვნელოვანი სიახლე და დაკვირვების ნაწილში დამკვირვებელ ორგანიზაციებს, ადგილობრივ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ, დააკვირდნენ ცესკო-ს სხდომებს მაშინაც, როდესაც არ არის საარჩევნო პერიოდი. ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია. ანუ, საარჩევნო რეფორმის კუთხითაც, ხედავთ, რომ განხორციელებულია ფუნდამენტური ცვლილებები. შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საკმაოდ ფართო კონსენსუსით იქნა დამტკიცებული საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.