ირაკლი კობახიძე - შეხვედრის მიზანი არ იყო მოლაპარაკების გამართვა საარჩევნო სისტემაზე, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები
ირაკლი კობახიძე - შეხვედრის მიზანი არ იყო მოლაპარაკების გამართვა საარჩევნო სისტემაზე, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები

დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ იყო მოლაპარაკების გამართვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის საარჩევნო სისტემის თემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საარჩევნო თემასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ შეხვედრაზე მოხდა 110/40-ზე ფორმატის შეთავაზება, სიმართლე არ არის.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ იყო მოლაპარაკების გამართვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. სხვადასხვა საკითხს განვიხილავდით, მათშორის საარჩევნო სისტემის თემას, რადგან ეს არ იყო მოლაპარაკების ფორმატი. ასე არ ხდებოდა, რომ ჩვენ რაღაცას ვთავაზობდით და ოპოზიცია გვპასუხობდა ან პირიქით. სხვადასხვა საკითხზე იყო საუბარი. როგორც პროპორციულზე, ასევე მაჟორიტარულზე, საუბარი იყო მაგალითად 40%-ზე. იცით, რომ ოპოზიცია აცხადებს, თუ პარტია იღებს 40%-ზე ნაკლებს, მას არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობის მიღების საშუალება. ასეთ საკითხებზე ბუნებრივია, იყო საუბარი. ეს არ იყო მოლაპარაკებები შესაბამისად, არ მომხდარა არც რაღაც საკითხის, წინადადების დაყენება და არც პასუხის მიღება. განვიხილეთ სხვადასხვა ასპექტი, რომელიც უკავშირდებოდა საარჩევნო სისტემას. როგორც ასეთი წინადადება, რომ 110/40-ზე ასეთი რამ ჩვენი მხრიდან არ დამდგარა. ეს იყო დისკუსია სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ფორმის შეხვედრები ხელს შეუწყობს, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გრიგოლ ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში.

დატოვე კომენტარი