ირაკლი კობახიძე - შარლ მიშელმა თქვა, რომ კრიზისი დასრულებულია, ეს არის მთავარი, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კვლავ ეწინააღმდეგება შეთანხმების შინაარს, რაც არასწორი ნაბიჯია
ირაკლი კობახიძე - შარლ მიშელმა თქვა, რომ კრიზისი დასრულებულია, ეს არის მთავარი, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კვლავ ეწინააღმდეგება შეთანხმების შინაარს, რაც არასწორი ნაბიჯია

შარლ მიშელმა თქვა რომ კრიზისი დასრულებულია, ეს არის მთავარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კვლავ ეწინააღმდეგება როგორც შეთანხმების შინაარს, ასევე მის საერთო სულისკვეთებას.

„შარლ მიშელმა თქვა რომ კრიზისი დასრულებულია, ეს არის მთავარი. დანარჩენი, ჩვენ ვხედათ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კვლავაც ეწინააღმდეგება როგორც შეთანხმების შინაარს, ასევე შეთანხმების შინაარსის საერთო სულისკვეთებას, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რაც უბრალოდ არასწორია“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ ისაუბრა ამნისტიის საკითხთან დაკავშირებითაც. კობახიძის თქმით, მიუხედავად არსებული ჩანაწერისა, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, მიაჩნიათ, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გამომდინარე, გარკვეულ მუხლებზე ამნისტია არ უნდა გავრცელდეს.

კობახიძის განმარტებით, ასეთია მათ შორის ის მუხლები, რომლებიც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას, წამებასა და არაადამიანური მოპყრობას.

აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ამნისტიის შესახებ კანონში შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს.

„ამნისტიის შესახებ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომელიც აცხადებს ერთადერთ რამეს, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, თუმცა ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაკონკრეტდეს. არის გარკვეული მუხლები, რომლებსაც არ შეიძლება, შეეხოს ამნისტია, რაც კონვენციის მეორე, მესამე მუხლებითაა გათვალისწინებული, ეს არის მათ შორის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისად, ვფიქრობ, ამნისტიის შესახებ კანონში ჩანაწერი უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება დანარჩენ მუხლებს, გაგაცნობთ დეტალებს, როგორ იქნება გაწერილი ამნისტიის შესახებ კანონი, ის მოიცავს ყველაფერს, მაგრამ არა იმ მუხლებს, რომლებიც კონვენციას ეწინააღმდეგება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, ჩემი კოლეგების პოზიცია და ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძე აღნიშნავს, რომ დაცული უნდა იყოს თანასწორობის პრინციპი.

„თანასწორობის პრინციპი თუ არ იქნება დაცული, ნებისმიერი შესაძლო პირი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოიგებს სარჩელს ამნისტიიის კანონის წინააღმდეგ, შესაბამისად, ჩვენ გამართული კანონი უნდა წარვუდგინოთ პარლამენტს და მივიღოთ გამართული კანონი. თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული. უმარტივესი პრინციპია, რომ თუ გამოიცემა ამნისტიის კანონი, ის უნდა შეეხოს იმ პირებსაც, რომლებზეც უკვე აღიძრა საქმე და იმ პირებსაც, რომელთა მიმართაც შეიძლება, აღსაძრავი იყოს საქმე, ეს არის მარტივი იურიდიული დეტალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირღვევა თანასწორობის პრინციპი, ეს არის იურისპრუდენცია და არა პოლიტიკა“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება დაზარალებულის თანხმობას, კობახიძის შეფასებით, შესაძლოა, ეს სასპეკულაციო თემა გახდეს.

„მელიას მიმართ საუბარია ბრალზე, ამას ჰყავს უამრავი დაზარალებული, ყველაფერი დაიწყო მელიას მოწოდებით  შტურმთან დაკავშირებით და ყველა დანარჩენი, ვინც არის დაზარალებული, პრაქტიკულად, მელიას დაზარალებულები არიან. წარმოიდგინეთ, ახლა ახალი პოლიტიკური სპეკულაციისთვის უნდა გავხსნათ ჩვენ რაღაცა საფუძველი, როდესაც მოვითხოვთ დაზარალებულის თანხმობას. მემგონი, არ არის მიზანშეწონილი ამის გაკეთება, შესაბამისად, სჯობს ალბათ ეს არ ჩაიწეროს, თუმცა დამატებით ვიმსჯელებთ ყველასთან. თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ რაღაც ასე ჯობია ან ისე, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ. მე როგორც ვიცი, ორივე მხარეს არიან ადამიანები, ვისაც აქვთ დაზარალებულის სტატუსი. სამართლამდაცავი ორგანოების წარმომადგენელთაგან ვინც მიიღო დაზიანებები, ყველა არის დაზარალებული, მე ასე ვიცი. მელიას მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ შტურმი დაიწყო მისი მოწოდებით. შტურმი პარლამენტში დაიწყო მელიას მოწოდების საფუძველზე, ამაზეა საქმე აღძრული, შესაბამისად, ვინც დაზიანდა ამ შტურმის საფუძველზე, ყველა არის დაზარალებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.