ირაკლი კობახიძე - სენატორ რიშის განცხადება ერთმნიშვნელოვნად ეფუძნება არასწორ ინფორმაციას
ირაკლი კობახიძე - სენატორ რიშის განცხადება ერთმნიშვნელოვნად ეფუძნება არასწორ ინფორმაციას

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ სენატორს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული როლი სენატში (ის არის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე) დიდ პატივს ვცემთ, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ მისი განცხადება ერთმნიშვნელოვნად ეფუძნება არასწორ ინფორმაციას. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზეც, თუ როგორ და რა ხაზებით მიდის ასეთი ცნობები კონკრეტულ  თანამდებობის პირებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში. სინამდვილეში, საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები და ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან 2012 წლის 12 დეკემბრის წერილი გაიხსენა, რომელსაც ხელს აწერს ხუთი სენატორი და მათ შორის რიში. მისი თქმით, ოპოზიცია 2012 წელსაც ახერხებდა დეზინფორმაციის მიწოდებას სენატორ რიშისა და მისი კოლეგებისთვის. მისი თქმით, მაშინდელი წერილი ეხებოდა სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ახალაიას შერჩევით პოლიტიკურ დევნას.

მისივე ინფორმაციით, წერილის ადრესატებმა გაარკვიეს, რომ ამ პირების მიმართ არ ხდებოდა შერჩევითი დევნა და ისინი იყვნენ კრიმინალები, რომელთა მიმართ კონკრეტული საქმეების საფუძველზე მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა.

„როდესაც 2012 წელს ამ წერილის შინაარსი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ბუნებრივია, მან შედეგი ვერ გამოიღო. დღესაც იგივეა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ სწორი, სათანადო ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპაია „იმედის“ ეთერში.​

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გამოაქვეყნა:

„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმების პირობებს, მათ შორისაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემის მიმართულებით“.