ირაკლი კობახიძე - საზოგადოების უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას, ბევრი რამ გაკეთდა 2012 წლის შემდეგ, რათა სასამართლო გამხდარიყო დამოუკიდებელი, ეს მიღწევა ასახულია რეიტინგებშიც
ირაკლი კობახიძე - საზოგადოების უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას, ბევრი რამ გაკეთდა 2012 წლის შემდეგ, რათა სასამართლო გამხდარიყო დამოუკიდებელი, ეს მიღწევა ასახულია რეიტინგებშიც

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სასამართლო სისტემის ხარისხით, საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს.

„გახსოვთ, თავის დროზე რამხელა შტურმი იყო სასამართლო სისტემაზე – საბჭოური ტიპის აგიტაცია, სასამართლო სისტემის ბრენდირება. მაშინ ვთხოვდით ოპონენტებს, რომ წარმოედგინათ კონკრეტული საქმეები, რომლებიც, მათი აზრით, იყო უსამართლოდ გადაწყვეტილი. ვერცერთი ასეთი საქმე ვერ წარმოადგინეს. გარდა ამისა, მათ არაერთგზის მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს სარჩელებით სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და ყველა საქმე წააგეს. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ცნობილია, საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს. შესაბამისად, სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში არის მაღალი ნდობა. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას და ამ ყველაფრის კიდევ ერთი დადასტურებაა რეიტინგი, რომელიც გამოქვეყნდა. საქართველოში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 2012 წლის შემდეგ, რათა სასამართლო გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი და ეს მიღწევა ასახულია შესაბამის რეიტინგებშიც“, – განაცხადა პრემიერმა.