ირაკლი კობახიძე – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან ერთ საათამდე შემცირდა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტრუქტურული ოპტიმიზაციის და ტარიფების ცვლილების შედეგად, შემოსავალი გაიზარდა 47%-ით – 9.4 მილიონი ლარიდან 13.8 მილიონ ლარამდე.
„გაციფრულდა სახელმწიფო სერვისები, რის შედეგადაც გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან შემცირდა 1 საათამდე. დაიწყო მსხვილტონაჟიანი ტანკერების მიღებაც. საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით გასული საანგარიშო წლის განმავლობაში. საზღვაო ნავსადგურებში გატარებული კონტეინერების რაოდენობა გაიზარდა 17%-ით. 30%-ით გაიზარდა საბორნე გადაზიდვები საქართველოს ნავსადგურებში და 540 000 ტონას გადააჭარბა. გუშინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება – ფოთში შენდება ახალი ნავმისადგომი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.