ირაკლი კობახიძე - სასოფლო-სამეურნეო მიწების კანონპროექტზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება
ირაკლი კობახიძე - სასოფლო-სამეურნეო მიწების კანონპროექტზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ახალი კონსტიტუცია, ახალი რედაქცია სავარაუდოდ მიმდინარე წლის ნოემბრიდან ამოქმედდება, მას შემდეგ რაც ფიცს ახალი პრეზიდენტი დადებს. შესაბამისად, ჩვენ მანამდე კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია გვესაჭიროება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელიც უნდა მომზადდეს და რეალურად ივნისის ბოლომდე უნდა მივიღოთ, სწორედ მიწასთან დაკავშირებული კანონპროექტი იქნება. ამასთან დაკავშირებით ზოგადად ჰარმონიზაციის კომისია შეიქმნება. ასევე შეიძლება სპეციალური კომისია მიწის კანონპროექტთან დაკავშირებით შეიქმნას და ჩვენ ამ კანონპროექტს ყველა დინტერესებულ მხარესთან ერთად განვიხილავთ. ისეთ კანონმდებლობას მივიღებთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ყველაზე მეტად მიესადაგება საქართველოში, მათ შორის ეკონომიკის განვითარების ინტერესებს. ჯერ-ჯერობით მონახაზი ჩამოყალიბებული არ არის. მუშაობა პროექტთან დაკავშირებით ახლა დაიწყება და ამის საფუძველზე საუკეთესო მოდელზე შევჯერდებით”, -აღნიშნა კობახიძემ.