ირაკლი კობახიძე - სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი კონსულტაციებისთვის მზად არის
ირაკლი კობახიძე - სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი კონსულტაციებისთვის მზად არის

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფი ღიაა და ნებისმიერ მხარეს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებმაც ჯგუფის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს, შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩაერთონ სამუშაო პროცესში.

„დავაზუსტებ – ჩვენ შევთავაზეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ამ შეხვედრას. ჩვენ დღღესაც გახსნილი ვართ დისკუსიისთვის. თუ ვინმეს სურს, დამატებით წვლილი შეიტანოს სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ამისათვის მზად ვართ და ამასთან დაკავშირებითაც გვექნება განხილვა, ვიდრე შედგება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. არის აბსოლუტურად გახსნილი პროცესი, ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება და ასეთი გახსნილი პროცესის საფუძველზე, საბოლოოდ შემუშავდება კანონპროექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი კონსულტაციებისთვის მზად არის.

ჯგუფის შემადგენლობის შემცირებისა და შეცვლის ინიციატივით, დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ, რომელთაც სხდომა ვადაზე ადრე სწორედ ჯგუფის შემადგენლობით უკმაყოფილების გამო დატოვეს.

„რაც შეეხებათ საბჭოს არამოსამართლე წევრებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ ისურვეს შემადგენლობის შეცვლა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ღია პოზიცია. მზად ვართ კონსულტაციებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა გაიმართა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს.

სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. განხილვის პროცესს პროტესტის ნიშნად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ დაესწრნენ.