ირაკლი კობახიძე - სასამართლო რეფორმის ვადები არის შეჯერებული, ვფიქრობთ, წლის ბოლომდე, თუ უფრო ადრე არა, შესაძლებელია არა მარტო პაკეტის შემუშავება, არამედ დამტკიცებაც
ირაკლი კობახიძე - სასამართლო რეფორმის ვადები არის შეჯერებული, ვფიქრობთ, წლის ბოლომდე, თუ უფრო ადრე არა, შესაძლებელია არა მარტო პაკეტის შემუშავება, არამედ დამტკიცებაც

სასამართლო რეფორმის ვადები არის შეჯერებული, ვფიქრობთ, წლის ბოლომდე, თუ უფრო ადრე არა, შესაძლებელია არა მარტო პაკეტის შემუშავება, არამედ დამტკიცებაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო რეფორმაც არის ასოცირების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი.

„გარკვეული საკითხები არის გაწერილი და მუშაობა არის დაწყებული. ჩვენ არჩევნებამდეც შევიკრიბეთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, თუმცა არჩევნებმა და შემდეგ ომმა ხელი შეუშალა სამუშაო პროცესის გაგრძელებას. უახლოეს წარსულში იყო შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, სადაც შეფასდა ძირითადი გეგმა, მონახაზი. პირველ ეტაპზე, საჭიროა ვითარების შეფასება და ამაზე წინასწარი სამუშაოები უკვე არის შესრულებული, მათ შორის, ჩვენი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები და ეს შეფასება უნდა დაედოს საფუძვლად რეფორმის პაკეტის შემუშავებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს არის მიმდინარე პროცესი.

„ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს ეს პროცესი. ყველაფერი გაკეთდება, რათა სწრაფად შემუშავდეს შეფასების დოკუმენტი და ამის საფუძველზე შემუშავდეს კანონპროექტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე, თუ უფრო ადრე არა, მაქსიმუმს ვამბობ წლის ბოლომდე, არის შესაძლებელი არა მარტო ამ პაკეტის შემუშავება, არამედ დამტკიცებაც. სასამართლო რეფორმის კონკრეტული ვადები არის შეჯერებული. ჩვენ გვაქვს დრო, თუმცა ახლა არის ასოცირების დღის წესრიგის დოკუმენტი და იმ დოკუმენტის თანახმად, ჩვენ გვაქვს დრო, სათანადოდ გავიაზროთ ეს რეფორმა. განაცხადიდან გამომდინარე, ჩვენს ინტერესებშია, რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს ეს პროცესი. თუმცა, სამუშაო საკმაოდ ბევრია, კომპლექსურად უნდა შეფასდეს არსებული ვითარება და გვჭირდება ისეთი რეფორმების პაკეტის შემუშავება, რომელიც დაფუძნებული იქნება ფაქტებზე მტკიცებულებებზე და კონკრეტულ გარემოებებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული კანონპროექტის საკითხიც.

„ეს საკითხი იქნება აუცილებლად წარმოდგენილი დღის წესრიგში. ჩვენ ველოდებოდით მათი მხრიდან შენიშვნებს, თუმცა არავითარი შენიშვნები მათ არ წარმოუდგენიათ და ვერც წარმოადგენენ, ერთი მარტივი მიზეზის გამო. სამართლებრივად და არა მარტო სამართლებრივად, ყველანაირად გამართულია ეს კანონპროექტი, აღებულია გერმანული მოდელი, რომელსაც ეფუძნება დოკუმენტი. არის არამარტო გამართული, არამედ უზრუნველყოფს კანონმდებლობის გაუმჯობესებას. იყო კონსტიტუციური ნორმა, რომელიც ფიქციად იყო ქცეული ხარვეზიანი კანონის გამო და დღეს ეს ხარვეზი სწორდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.