ირაკლი კობახიძე საქართველოში მოქმედი არასამთავრობოების ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ გონგოებს უწოდებს
ირაკლი კობახიძე საქართველოში მოქმედი არასამთავრობოების ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ გონგოებს უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ გონგოებს უწოდებს.

მისი შეფასებით, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო, აღნიშნული ორგანიზაციები ოპოგონგოებად იქცნენ.

„ეს არის ყოფილი გონგოები, „ნაციონალური მოძრაობის“ გონგოები. მას შემდეგ, რაც არჩევნები წააგეს, ოპოზიციაში გადავიდნენ და დღეს გადაიქცნენ ოპოგონგოებად. შესაბამისად, ისინი არიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დღევანდელ დღეს. ეს არ არის სწორი. ეს მეტყველებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის სუსტი. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალური და მათ ნეიტრალურად უნდა გააშუქონ მოვლენები, რომელიც  პოლიტიკურ სივრცეში წარიმართება. რატომ მოხდა მათი ლუსტრაცია მაინც და მაინც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ეს არ ვიცი. როგორც ჩანს, ნაცმოძრაობამ“ ჩათვალა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ის არჩევნები იყო, სადაც მათ შეეძლოთ მოგება. ამიტომ ყველა რესურსის ლუსტრირება მოხდა, თუმცა „ნაცმოძრაობას“ გამარჯვება ამანაც არ მოუტანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, უმჯობესია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგნობრივად ისაუბრონ.

„საუბარია კონკრეტულ ორგანიზაციებაზე, ბუნებრივია, ყველა ორგანიზაციას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ. ნაცვლად ასეთი განცხადებებისა, რაც მოვისმინეთ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, უმჯობესია, საგნობრივად ისაუბრონ და იმართლონ თავი იმასთან დაკავშირებით, რატომ გადაეფარნენ ნიკა გვარამიას ბოლშევიკურ განცხადებას. ამაზე  დღემდე არავის მოგვისმენია პასუხი. ნიკა გვარამიას ბოლშევიკური განცხადება ჰქონდა. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იყო ბოლშევიკური განცხადება და არასამთავრობო ორგანიზაციები ამას გადაეფარნენ. უფრო მეტიც, დაიწყეს მისი გამართლება საარჩევნო პერიოდში, როცა მათი ფუნქცია ასეთ განცხადებებზე რეაგირებაა“მ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ამაზე საგნობრივი პასუხი არ ყოფილა.

„ეს ნიშნავს, რომ ეს რამდენიმე ორგანიზაცია არის რეალურად ყოფილი გონგო, დღევანდელი ოპოგონგო. ანუ, არის კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული და ასოცირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.