ესტოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერის თანხმობის გარეშე მონაწილეობს საქართველოში ოპოზიციურ აქციაში, ეს მეტყველებს არასერიოზულობაზე, რომელიც კონკრეტულ სტრუქტურაში იკვეთება, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ეს არის მათი საქმე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ დამოუკიდებლობას.
„რაც შეეხება პარალელებს მაიდანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის, მინდა, ყველას ვუთხრა, რომ მაიდანს ვერავინ ეღირსება საქართველოში. მინდა, შეგახსენოთ, თუ რა იყო უკრაინისთვის „მაიდნის“ შედეგები. მაშინ, რეალურად, გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, შემდეგ მეორედ და საბოლოოდ, ვინც გარედან დანიშნა ხელისუფლება, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია მოვლენებზე, რომლებიც შემდეგომ განვითარდა უკრაინაში. 2013 წლამდე ეს იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა 200 მლრდ დოლარი და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ამდენი წლის შემდეგ არის თვისობრივად შემცირებული, უკრაინის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ათიათასობით ადამიანია დაღუპული და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, იმიტომ, რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ეს გვაჩვენა სწორედ უკრაინის მაგალითმა. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა პრემიერმა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას საქართველოში აქციაზე გამოსვლის საკითხი მასთან წინასწარ არ განუხილავს.