ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვთ ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, დაინტერესებული ვართ, ყველა მიმართულებით მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა
ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვთ ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, დაინტერესებული ვართ, ყველა მიმართულებით მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა

ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენო უმაღლესობავ, მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. დღეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე ჩვენთვის. პირველად ვმასპინძლობთ არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რაც ჩვენთვის უდიდესი პატივია. მინდა, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. თქვენი საქართველოში ვიზიტი არის იმის გამოხატულება, რომ თქვენ გაქვთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამას ძალიან ვაფასებთ. უღრმეს მადლობას გიხდით ამისათვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის თქმით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვთ ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა.

„ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ასევე მოხარული ვართ, რომ კომპანიები თქვენი ქვეყნიდან ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში. არის ოთხი მსხვილი კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საქართველოში, მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. ასევე მოხარული ვართ, რომ, თქვენი ლიდერობით, ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას Eagle Hills-ის და EMAAR-ის მიერ. მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ასევე ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას, რომელიც უკავშირდება თბილისში მშრალი პორტის განვითარებას და იმედი გვაქვს, რომ ასეთი ინიციატივები მომავალში იქნება კიდევ მეტი და უფრო გაღრმავდება ჩვენს ქვეყნებს შორის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობა. თქვენი ვიზიტი მყარ საფუძველს ჩაუყრის ჩვენს შემდგომ პროდუქტიულ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისათვის. ეს დღე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.