ირაკლი კობახიძე - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აქვთ საერთო მისწრაფება, გახდნენ დასავლური ოჯახის წევრები
ირაკლი კობახიძე - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აქვთ საერთო მისწრაფება, გახდნენ დასავლური ოჯახის წევრები

საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აქვთ საერთო მისწრაფება – გახდნენ დასავლური ოჯახის წევრები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში რიგით მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით“ – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამი ქვეყნის პარლამენტის ლიდერებმა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩამოყალიბების დოკუმენტს მოაწერეს ხელი. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დოკუმენტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საერთო ღირებულებებსა და მისწრაფებებს ეფუძნება.

„ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა ასახავს წარსულის, აწმყოსა და სამომავლო თანამშრომლობას, ასევე სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ჩვენ განუწყვეტლივ ვებრძვით იმ საერთო პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის უსაფრთხოებასთან, ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარე ძალების მიერ ხელყოფის მცდელობასთან გამკლავებასთან.

ჩვენ გვაქვს საერთო მისწრაფება და გვსურს, გავხდეთ დასავლური ოჯახის წევრები. გვწამს, რომ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაცია და მასთან თანამშრომლობა ემყარება ჩვენს ისტორიულ წარსულს, კულტურულ და ეროვნულ მემკვიდრეობას და ყველაფერთან ერთად, ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნება მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი არ არის, არამედ ეს სამომავლო თანამშრომლობისადმი სრული მზაობის განცახადია.

„საპარლამენტთაშორისო ასამბლეა შეასრულებს ევროკავშირთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას. ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ ევროპელ კოლეგებთან ეროვნულ პარლამენტებსა და ასევე ევროპარლამენტში. დღეს, ჩვენ უკვე შეგვიძლია, ერთხმად ვესაუბროთ მათ მრავალმხრივ ფორმატში.

საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ასევე ნათელი გზავნილი იქნება ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის იმის თაობაზე, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის მიზეზი ჩვენს ქვეყნებშიც ცოცხალია და მიუხედავად მრავალი რეგიონალური პრობლემისა, იგი ახალ განზომილებას იძენს, რითაც ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს მოვუწოდებთ მჭიდრო თანამშრომლობისკენ.

იმავდროულად, საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ერთობ პრაქტიკული მისია აქვს შესასრულებელი – ჩვენი ქვეყნები დგანან მზარდი რეგიონალური არასტაბილურობის, ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე გარე თავდასხმების წინაშე. ჩვენ ასევე ვცდილობთ, გავაკეთოთ დამოუკიდებელი არჩევანი და განვსაზღვროთ საკუთარი მომავალი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მთავრობები ნაყოფიერად თანამშრომლობენ, თუმცა საპარლამენტო თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია ურთიერთობებს დამატებით სტრატეგიულ ელემენტს შესძენს.

„საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შეხვედრები დაფუძნებული იქნება უფრო ფართო დღის წესრიგზე, რომელიც არ იქნება ფოკუსირებული მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ გამოწვევებზე, არამედ იგი განიხილავს ჩვენი ქვეყნების საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის უფრო ფართო და უფრო სისტემურ ხედვებს.

გარდა ამისა, საპარლამენტთაშორისო ასამბლეა გულისხმობს ისტორიულად დამტკიცებული ძლიერი და მნიშვნელოვანი კავშირების გამყარებას ჩვენს მოქალაქეებსა და საზოგადოებებს შორის. იმის ფონზე, რომ ეროვნული პარლამენტები წარმოადგენენ ხალხის ნების ყველაზე ლეგიტიმურ და უშუალო გამომხატველ ორგანოებს, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენი მოსახლეობის ფუნდამენტალურ თანხმობას მეგობრული და ძმური ურთიერთობისადმი.

ჩვენი კავშირები, იქნება ეს უსაფრთხოებისა თუ საგარეო პოლიტიკის სექტორში, ეკონომიკურ თუ ბიზნესსფეროში, კულტურული და სამეცნიერო – უფრო და უფრო გამყარდება.

მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, შევინარჩუნოთ ჩვენი დემოკრატია და დავიცვათ ჩვენი ეროვნული გადაწყვეტილება – ვიყოთ თავისუფალი საზოგადოება. ჩვენს მოძმე მოლდოველ და უკრაინელ ხალხთან ერთად დგომა საქართველოსთვის ეროვნული პრიორიტეტისა და უსაფრთხოების საკითხია. ერთად, ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ და გვსურს განვაცხადოთ ჩვენი პრიორიტეტების, შეშფოთებისა და ღირებულებების შესახებ ჩვენი მეგობრებისა და მოწინააღმდეგებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანს მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ერთად ყველა გამოწვევას გავუმკლავდებიან.