ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტი იქნება იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული, რომლებსაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ეფუძნება
ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტი იქნება იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული, რომლებსაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ეფუძნება

საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე იმ საქმეში, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე – „პარლამენტის საზედამხედველო როლი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე: ახალი მარეგულირებელი ჩარჩო და საუკეთესო პრაქტიკა“, გამოსვლისას განცხადა.

ირაკლი კობახიძემ კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრეებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მისი შეფასებით, 70 წლის წინ მიღებული დეკლარაცია მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებულ მოვლენებზე პასუხი იყო.

„ადამიანის უფლებათა მასობრივი ხელყოფა ტოტალური ხელყოფა, ადამიანის ღირსების შელახვა იყო ის, რაც ახასიათებდა იმდროინდელ სამყაროს და ამაზე პასუხად მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ დოკუმენტმა თავისი ფუნქცია სათანადოდ და პირნათლად შეასრულა. დღევანდელ დღეს თანამედროვე ცივილიზებული სამყარო ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომლებიც არის ასახული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი ისეთი სახელმწიფოს მშენებლობაა, რომელიც ადამიანის ღირსებასა და ადამიანის ძირითად უფლებებს ეფუძნება. მისივე თქმით, საქართველო ლიდერი ქვეყანაა რეგიონში, თუმცა, მიღწეულით არ კმაყოფილდება.

„ჩვენი ამოცანაა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი დახვეწა. ამას ესაჭიროება კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფა და ასევე საჭიროა, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ კანონმდებლობა იყოს სათანადოდ რეალიზებული. საჭიროა კონკრეტულად ადამიანის უფლებების მარეგულირებელი ნორმების შემდგომი გაუმჯობესება და ასევე, საჭიროა, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების მუდმივი სრულყოფა. რა თქმა უნდა, აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ რეფორმის ისეთ ასპექტებზე, როგორიც არის მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი დახვეწა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, პრიორიტეტული მიმართულებებია საარჩევნო უფლებების უკეთესი რეალიზება, გენდერული თანასწორობის დაცვა და ა.შ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პროგრესის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ.

„მთელ რიგ შემთხვევებში, არის ახალი, უფრო მაღალი სტანდარტით დაცული ადამიანის ძირითადი უფლებები, არის მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც არ იყო კონსტიტუციით მკაფიოდ გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და შესაბამისი ახალი რეგულაციები გაჩნდა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში. ასევე, კონსტიტუციის დონეზე დაიხვეწა ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციური გარანტიები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლზე ისაუბრა. მისი შეფასებით, თუ პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს, ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვა რთულდება. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ ყურადღება განხორციელებულ საკონსტიტუციო და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმებზე გაამახვილა.

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა გახლავთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება. ამას ემსახურებოდა, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც შარშან-შარშანწინ განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ და ამას ემსახურება, ასევე, რეგლამენტის რეფორმა, რომელიც ახლახან დასრულდა. ახალი რეგლამენტი უზრუნველყოფს ჩვენი საზედამხედველო ფუნქციის შემდგომ გაძლიერებას და ეს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეეხოს ადამიანის უფლებების დაცვაზე სათანადო ზედამხედველობას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა, რომელიც, მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის სფეროში პარლამენტისთვის უმთავრესი პარტნიორი უნდა იყოს.

„ჩვენ, ასევე, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ აქტიურად ყველა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტთან და ასევე, რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორთან, აკადემიურ სექტორთან“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამასა და ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარიატს მხარდაჭერისა და ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

დატოვე კომენტარი