ირაკლი კობახიძე - საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყოს
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყოს

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმე იყოს საქართველოსთვის წარმატებული.

როგორც კობახიძემ თემის კომენტირებისას აღნიშნა, დანარჩენი უკვე სტრასბურგის სასამართლოზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. გვქონდა საგანგებო შეხვედრაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იუსტიციის მინისტრთან და განვიხილეთ ამ სარჩელის საკითხები.

ვფიქრობთ, მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს საქმე იყოს ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული და დანარჩენი უკვე არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოზე. ჩვენ ბუნებრივია ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

23 მაისს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე დიდი პალატის მოსმენა გაიმართება.

ქართულმა მხარემ განაცხადი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. განაცხადი 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისა და შემდგომი ოკუპაციის დროს რუსი სამხედროების მონაწილეობით, მათი მხარდამჭერი ან სეპარატისტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების მიერ რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ ჩადენილ ქმედებებს ეხება.

განაცხადი შეეხება, სიცოცხლის უფლების დარღვევებს, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, სასჯელის გამოყენებას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკუთრების,განათლების და გადაადგილების თავისუფლების დარღვევებს.

23 მაისს დიდი პალატის მოსმენა თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.