ირაკლი კობახიძე - საქართველოს აქვს დახვეწილი კონსტიტუცია, რომელიც არის უმთავრესი გარანტი, რომ დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდება
ირაკლი კობახიძე - საქართველოს აქვს დახვეწილი კონსტიტუცია, რომელიც არის უმთავრესი გარანტი, რომ დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდება

საქართველოს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კონსტიტუცია აქვს, რომელიც არის უმთავრესი გარანტი, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ეფუძნება ადამიანის ღირსების, როგორც უზენაესი ღირებულების იდეას და აყალიბებს ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემას, ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლოთი და ზეპარტიული პრეზიდენტით.

„დიდი საქმე დიდი წინააღმდეგობის გარეშე არ კეთდება. კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავების პროცესსაც, როგორც მოგეხსენებათ, თან ახლდა დიდი წინააღმდეგობები, თუმცა შრომის შედეგი არის თვალნათელი.

ამიერიდან, საქართველოს აქვს სრულყოფილი, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კონსტიტუცია, რომელიც არის უმთავრესი გარანტი იმისა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდება. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებით შეიძლება თამამად ითქვას, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესი და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დღევანდელი ღონისძიებისთვის კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის რამდენიმე ვერსია ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა.

„ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ შშმ პირებისთვის მომზადდა სპეციალური ვერსიები, რომელიც არის თქვენს წინაშე წარმოდგენილი.

მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გერმანელი კოლეგების, მეგობრების წვლილი კონსტიტუციის ახალი მოდელისა და ახალი რედაქციის შემუშავების პროცესში იყო ფასდაუდებელი და სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება ემთხვევა გერმანიის ფედერალური კანცლერის, ქალბატონი ანგელა მერკელის ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის საქართველოს მიმართ გერმანიის ურყევი მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გამოხატულება.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება, უნდა გახდეს და გახდება სამაგიდო წიგნი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, იურისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების საქმით არის დაკავებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.