ირაკლი კობახიძე - საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აღიარებენ და პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში
ირაკლი კობახიძე - საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აღიარებენ და პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში

საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აღიარებენ და პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე, ჯარისკაცების მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დღეს საქართველო კიდევ ერთხელ, დიდი ზეიმით აღნიშნავს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ დღეს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით ასრულდა არა მარტო ქართველი ხალხის თავისუფლების საუკუნოვანი ოცნება, არამედ აღდგა ისტორიული სამართლიანობაც – საქართველო დაუბრუნდა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ დიად დღეს მთელი საუკუნე გვაშორებს, მაგრამ დღემდე ჩვენი გული სიამაყით ივსება, რადგან ქართველმა ხალხმა მეოცე საუკუნის დასაწყისში შეძლო არა მარტო დამოუკიდებლობის მოპოვება, არამედ იმ დროისთვის პროგრესული, მოწინავე და ღირსეული სახელმწიფოს შექმნა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო, არის და დარჩება ჩვენი ხალხის სამართლიანი სიამაყის საგნად. ერთი საუკუნის შემდეგ ჩვენ კვლავაც შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აღიარებენ და პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში. როგორც ასი წლის წინ, ახლაც ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია არა მარტო დამოუკიდებელობის მოპოვება და შენარჩუნება, არამედ ჩვენს ძალებშია დემოკრატიული, სამართლიანი, დღევანდელი მსოფლიოს ბევრი ქვეყნისათვის მაგალითის მიმცემი ქვეყნის აშენება.

კობახიძის თქმით, ნიშანდობლივია, რომ დღეს საქართველოს მეგობრები და თანამოაზრეები არიან მსოფლიოს ყველაზე მოწინავე, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოები.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მალე გახდება დღევანდელი დემოკრატიული მსოფლიოს ყველაზე მძლავრი და წარმატებული ორგანიზაციების – ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროპისა და დასავლეთის სამყაროს ღირსეულ წევრობასთან. საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი წინსვლისა და მსოფლიოში მოპოვებული პრესტიჟის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემოქმედი ჩვენი თავდაცვის ძალებია. ჩვენი ჯარი არის არა მხოლოდ სახელმწიფოს უმთავრესი საყრდენი და ჩვენი მშვიდობის გარანტი, არამედ თვალსაჩინო საბუთიც, რომ საქართველო დღეს შემდგარი და წარმატებული სახელმწიფოა, რომელსაც დიდი მომავალი ელოდება. მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდა ჯარისკაცებს, რომლებმაც დღეს ფიცი უნდა დადონ სამშობლოს წინაშე: თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს მომავალი, სიამაყე და ძლიერება. თქვენ ღირსეულად უნდა ატაროთ ქართული მეომრული სულის ათასწლოვანი ტრადიცია და მომავალ თაობებს გადასცეთ გაძლიერებული და გამთლიანებული საქართველო. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.