ირაკლი კობახიძე- საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეას ხელშესახები მიღწევები ექნება
ირაკლი კობახიძე- საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეას ხელშესახები მიღწევები ექნება

ვფიქრობ, ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები მიღწევები და საბოლოოდ, მივაღწევთ ჩვენს მიზნებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დასავლურ ინტეგრაციას უკავშირდება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნების შემდეგ განაცხადა.

ასამბლეის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბიმ და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიამ კანდუმ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამ ერს შორის ისტორიულ მეგობრობას ეფუძნება და ასამბლეის შექმნა კიდევ ერთი დემონსტრირებაა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მისწრაფებისა, ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს.

„დღეს ისტორიული დღეა – ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას სამი ქვეყნის -უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნების შესახებ. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება ჩვენი მისწრაფებისა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის და ეს თანამშრომლობა უფრო მაღალ და სტრატეგიულ დონეზე გადავიყვანოთ.  თანამშრომლობა ეფუძნება სამ ერს შორის ისტორიულ მეგობრობას. უკრაინელ, მოლდოველ და ქართველ ხალხს აქვთ ისტორიული კავშირები და განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ეს ძალიან მტკიცე საძირკველია და პოლიტიკოსებმა შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ გვაქვს საერთო საერთო მიზნები და მისწრაფებები და ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად ვიდგეთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად და საერთო მიზნების მისაღწევად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დემონსტრირება ჩვენი მტკიცე პოლიტიკური ნებისა, რომ ვითანამშრომლოთ ინტენსიურად. მწამს, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ყველა მიზანს მივაღწევთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს მათი ერთგულებისა და ენთუზიაზმისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები მიღწევები და საბოლოოდ, მივაღწევთ ჩვენს მიზნებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დასავლურ ინტეგრაციას უკავშირდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.